პოლიციელების ძალადობა

მეზვრიშვილი: ოცნების მმართველობა 9 წლის თავზე – მოშლილი ინსტიტუტები და დაუცველი მოქალაქე

შსს

პარტია საქართველოსთვის წევრი ნათია მეზვრიშვილი გამოეხმაურა ტელეკომპანია პირველის მიერ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ პოლიციელი მოქალაქეს სცემს.

"ამ უმძიმეს კადრებზე ორი რამ შემიძლია ვთქვა:

1. ვინც ფიქრობს, რომ მხოლოდ რიგითი პოლიციელია დასასჯელი, ცდება. სისტემის პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის მსგავსი ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, კანონის დამცველი პოლიციელის იმიჯი და ზოგადად პოლიციის რეფორმა დიდი ხანია აღარაა პრიორიტეტი.

2. ინსპექტორის სამსახურის გაუქმება ასეთი ძალადობისთვის მწვანე შუქი იყო. 1 მარტიდან მსგავს ძალადობას ობიექტური და დამოუკიდებელი გამომძიებელიც აღარ ეყოლება, ვინაიდან ძალადობის აღმკვეთი ერთადერთი უწყება ოცნებამ გააუქმა.

ოცნების მმართველობის შედეგი 9 წლის თავზე: მოშლილი ინსტიტუტები და დაუცველი მოქალაქე." – წერს მეზვრიშვილი Facebook-ზე.

ტელეკომპანია პირველის ცნობით, პოლიციელმა ყრუ ახალგაზრდას სცემა. კონფლიქტი პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის მეტროს ესკალატორზე დაიწყო. ერთ-ერთმა პირმა პოლიციელისთვის სცადა ახსნა, რომ არასრულწლოვანი შშმ პირია. სოციალური მედიით გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოში ისმის საუბარი მოქალაქესა და პოლიციელს შორის:

"მოქალაქე: ხელი გაუშვით
პოლიციელი: შენ ხომ გვიცნობ?
მოქალაქე: ყრუ-მუნჯია
პოლიციელი: მანდ უნდა იაროს მერე?
მოქალაქე:ყრუ-მუნჯია თქო
პოლიციელი: შენ ხომ ჭკვიანი ხარ? შენ ხომ გესმის? უნდა დაარიგო მერე
მოქალაქე: ყრუ-მუნჯია, რა უნდა ვუთხრა?
პოლიციელი: ეს ყრუმუნჯია? რო ავალაპარაკო ეხლა?
მოქალაქე: მიდი აალაპარაკე და მილიონს მოგცემ
პოლიციელი: მოდი, ეხლა უნდა ავალაპარაკო"

ვიდეოს გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების თანახმად, გენერალურმა ინსპექციამ ფაქტის მოკვლევა უკვე დაიწყო. 

შემთხვევაზე მოკვლევა დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც. ინსპექტორის სამსახურის ცნობით, გამოძიება საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო

კომენტარები