სომხეთი

სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარქისიანი გადადგა

Reuters

სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარქისიანი გადადგა. როგორც მის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, გადაწყვეტილება ემოციურ ფონზე არ მიუღია. მისი თქმით, შიდა პოლიტიკური მდგომარეობის და გავლენის არქონის გამო გადადგა. 

"ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ გადავდგე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტობიდან, ნაყოფიერი ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ. 

პარადოქსული სიტუაციაა ქვეყანაში, ვცხოვრობთ რეალობაში, რომელშიც პრეზიდენტს არ შეუძლია გავლენის მოხდენა ომისა და მშვიდობის საკითხებზე. რეალობაში, რომელშიც მას არ შეუძლია, დაადოს ვეტო კანონებს, რომელსაც ერისა და სახელმწიფოსთვის არამიზანმიმართულად მიიჩნევს.

როცა პრეზიდენტი ვერ გამოიყენებს თავისი პოტენციალის დიდ ნაწილს სისტემური საშინაო პრობლემების და საგარეო პოლიტიკური ამოცანების გადასაჭრელად".- აცხადებს სარქისიანი. 

მისივე თქმით, სომხეთი ახლა საპარლამენტო რესპუბლიკაა, თუმცა მხოლოდ ფორმით და არა შინაარსით. 

სარქისიანმა სომეხ ხალხს, ჯარს, თანამშრომლებს და საჯარო მოხელეებს მადლობა გადაუხადა. 

სომხეთის კონსტიტუციით, პრეზიდენტი გადადგომის მოთხოვნას პარლამენტს წარუდგენს. ახალი პრეზიდენტის არჩევამდე, მის მოვალეობებს პარლამენტის თავმჯდომარე შეასრულებს. 

არმენ სარქისიანი სომხეთის პრეზიდენტი 2018 წელს გახდა.

 

კომენტარები