გამყოფი ხაზი

სამინისტრო: გამყოფი ხაზის სოფლებში გაზის ვაუჩერების გაცემა მომდევნო კვირას დაიწყება

კადრი ვიდეოდან / ფორმულა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის სოფლების მოსახლეობისთვის გაზის ვაუჩერების გაცემა მომდევნო კვირას დაიწყება. სამინისტრომ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ადგილობრივებმა თქვეს, რომ მთავრობამ წელს მათ ვაუჩერები არ დაურიგა და გასათბობად ხეხილის ბაღების გაჩეხა მოუწიათ.

სამინისტრომ უსაფუძვლო უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას და აღნიშნა, რომ გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოქალაქეებისთვის ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფისთვის ვაუჩერების გადაცემის გაგრძელების გადაწყვეტილება სამთავრობო კომისიამ 2021 წლის 22 დეკემბერს მიიღო.

"გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის 2021 წლის 22 დეკემბრის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გაგრძელდეს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახებისათვის ზამთრის პერიოდში გათბობით უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი თვითმართველობების ინტენსიური სამუშაო პროცესის ფარგლებში მიმდინარეობდა სტანდარტული პროცედურული ნაწილი მუნიციპალიტეტების მიერ პროგრამის ბენეფიციართა სიების დაზუსტებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის მდგომარეობით. სამუშაო პროცესი დასრულდა და კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის განკარგულებით შესაბამის სახელმწიფო უწყებებს დაევალათ გადაწყვეტილების აღსრულება. მომდევნო კვირაში უკვე დაიწყება გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ვაუჩერების გაცემის პროცესი". – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მათივე განმარტებით, სოფლებში, სადაც ოჯახები დარეგისტრირებულები არიან ბუნებრივი აირის აბონენტებად, თანხა გამოიყო რეგისტრირებულ აბონენტებზე, ხოლო იმ სოფლებში, სადაც გაზიფიცირება ჯერ არ დასრულებულა – ოჯახის ერთ-ერთ წევრზე.

კომენტარები