ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ის ძირითადი მითები, რომლებსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ იყენებს. გთავაზობთ სტატიის თარგმანს.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც უწყებათაშორის ორგანოსთან თანამშრომლობს, იცნობს უკრაინის წინააღმდეგ საინფორმაციო ომში ჩართულ რუსეთის რამდენიმე სამხედრო და სადაზვერვო ორგანიზაციის საქმიანობას. მათი აქტივობები მოიცავს დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელებას, რათა რუსეთ-უკაინის ურთიერთობაში უკრაინა და მისი მთავრობა აგრესორად წარმოაჩინონ. უკანასკნელი კი მიზნად ისახავს, დააჯეროს ქვეყნები დასავლეთში, რომ უკრაინის მოქმედებებმა შეიძლება გამოიწვიოს გლობალური კონფლიქტი და, ასევე, დაარწმუნოს რუსეთის მოსახლეობა, რომ უკრაინაზე სამხედრო თავდასხმა აუცილებელია.
გთავაზობთ, რუსულ ტყუილებს მიმდინარე კრიზისთან დაკავშირებით - მითების მიზნებსა და სიმართლეს.
მითი: უკრაინა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები აგრესორები არიან რუსეთ-უკრაინის ურთიერთობაში.
ფაქტი: არასწორი ცნობები პუტინის რეჟიმიდან მსხვერპლს, უკრაინას აბრალებენ რუსეთის აგრესიას. 2014 წელს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, დაიკავა ყირიმი, ისევ აკონტროლებს შეიარაღებულ ძალებს დონბასში და ახლა 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი მობილიზებული ჰყავს უკრაინის საზღვარზე, ხოლო პრეზიდენტი პუტინი იმუქრება, რომ მისი მოთხოვნების არ დაკმაყოფილების შემთხვევაში, "საპასუხო სამხედრო-ტექნიკურ" ზომებს მიიღებს.
მითი: დასავლეთი უბიძგებს უკრაინას კონფლიქტისკენ.
ფაქტი: მოსკოვმა უკრაინის საზღვარზე 100 000-ზე მეტი ჯარისკაცის განთავსებით შექმნა მიმდინარე კრიზისი, მაშინ როცა უკრაინას მსგავსი სამხედრო აქტივობა არ განუხორციელებია. რუსეთის სამხედრო და სადაზვერვო ორგანიზაციები უკრაინას თავს დეზინფორმაციით ესხმიან: ავრცელებენ ნარატივს, რომ უკრაინისა და რუსეთის ურთიერთობაში უკრაინაა აგრესორი. რუსეთის ხელისუფლება ცდილობს დაარწმუნოს მსოფლიო, რომ უკრაინის მოქმედებები სამხედრო გლობალურ კონფლიქტს გამოიწვევს და, ამასთანავე, დააჯეროს რუსეთის მოსახლეობა, რომ უკრაინაზე სამხედრო თავდასხმა საჭიროა. რუსეთი საკუთარ აგრესიას სხვებს აბრალებს, მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ პასუხისმგებელი ისაა დაასრულოს კრიზისი დეესკალაციითა და დიპლომატიით. 2014 წელს მოსკოვი შეიჭრა უკრაინაში, ოკუპირებული აქვს ყირიმი და აგრძელებს კონფლიქტის გაღვივებას აღმოსავლეთ უკრაინაში. რუსეთი მოქმედებები მის სტანდარტს მიჰყვება: ძირს უთხრის რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. იგი 2008 წელს შეიჭრა საქართველოში და დაიპყრო ქვეყნის ნაწილი, არ შეასრულა 1999 წელს აღებული ვალდებულება - მოლდოვიდან არ გაიყვანა ჯარები და სამხედრო აღჭურვილობა და დარჩა იქ მთავრობის თანხმობის გარეშე.
მითი: რუსეთის მიერ უკრანის საზღვართან საბრძოლო ძალების განლაგება არის უბრალოდ ჯარების გადაადგილება საკუთარ ტერიტორიაზე.
ფაქტი: მძიმე ტექნიკით შეიარაღებული და გამოცდილი 100 000-ზე მეტი ჯარისკაცის უმიზეზოდ გადასხმა იმ ქვეყნის საზღვარზე, რომელშიც უკვე შეიჭერი და რომლის ტერიტორიის ნაწილი კვლავ ოკუპირებული გაქვს, უბრალოდ ჯარების გადაადგილება ვერ იქნება. ეს, აშკარად, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის წინააღმდეგ განახლებული საფრთხეა. საზღვართან მობილიზების პარალელურად გაძლიერებული დეზინფორმაცია ემსახურება უკრაინის მთავრობისადმი ნდობის დაკარგვასა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის საბაბის პოვნას.
მითი: ამერიკის შეერთებული შტატებს დაგეგმილი აქვს დონბასში ქიმიური იარაღით შეტევა.
ფაქტი: ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი ქიმიური იარაღის კონვენციის მხარეები არიან. აღნიშნული საერთაშორისო დოკუმენტით ამერიკა იღებს ვალდებულებას, რომ არ გამოიყენებს ქიმიურ იარაღს. მიუხედავად შეთანხმებისა, რუსეთის მთავრობამ უახლოეს წარსულში ორჯერ გამოიყენა ქიმიური იარაღი ოპონენტების თავდასხმისა და მკვლელობის მცდელობისთვის, მათ შორის უცხოეთის ტერიტორიაზე. რუსეთისგან განსხვავებით, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის გაღვივების ნაცვლად, ამერიკის შეერთებული შტატებმა 351 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ჰუმანიტარული დახმარება გაუწია 2014 წელს ყირიმში მოსკოვის აგრესიის შედეგად დაზარალებულებს. რუსეთის მაღალი დონის ოფიციალური პირების განცხადებებით, დეზინფორმაციითა და პროპაგანდით ცდილობს გაავრცელოს აშკარა ტყუილი, რათა შექმნას სამხედრო აგრესიის საბაბი.
მითი: რუსეთი იცავს ეთნიკურად რუსებს უკრაინაში.
ფაქტი: არ არსებობს სანდო წყარო, რომ უკრაინის ხელისუფლება უქმნის საფრთხეს ეთნიკურად რუსს ან რუსულენოვან უკრაინელს. სამაგიეროდ, არსებობს სანდო ინფორმაცია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და დონბასში უკრაინელებს თავიანთი კულტურისა და ეროვნული იდენტობის შევიწროების, მძიმე რეპრესიებისა და შიშის პირობებში უწევთ ცხოვრება. ყირიმში რუსები უკრაინელებს აიძულებენ, მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი კარგავენ წვდომას ჯანდაცვაზე, კარგავენ სამსახურსა და ქონებას. მათ, ვინც მშვიდობიანად აპროტესტებს რუსეთის ოკუპაციასა და კონტროლს, ემუქრებათ უსაფუძვლოდ თავისუფლების აღკვეთა, პოლიციელთა რეიდები სახლებში, რიგ შემთხვევებში კი ხდებიან წამების ან ჩაგვრის ობიექტები. რელიგიური და ეთნიკური უმცირესობის წინააღმდეგ მიდის სისხლისსამართლებრივი დევნა “ტერორიზმისა” და “ექსტრემიზმის” ბრალდებით.
მითი: ცივი ომის დასრულების შემდეგ NATO რუსეთის წინააღმდეგ შეთქმულებას ამზადებს, შეიარაღებული ძალებით ალყას არტყამს რუსეთს, არღვევს გაფართოების პირობას და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივით საფრთხეს უქმნის რუსეთის უსაფრთხოებას.
ფაქტი: ნატო თავდაცვითი ორგანიზაცია, რომლის მიზანია წევრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა. 2021 წლის ივნისში ბრიუსელის სამიტზე ყველა მოკავშირემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ "ალიანსი არ ესწრაფვის კონფრონტაციას და არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის". სინამდვილეში, ეს თავად რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმაც კი თქვა: "პირველი - ყველა სახელმწიფოს, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნებს, აქვთ უფლება აირჩიოთ თავდაცვის გზა. მეორე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, NATO თავდაცვითი ბლოკია".
NATO რუსეთს არ აქცევს ალყაში: რუსეთის სამხედრო საზღვარი 20 000 კილომეტრზე მეტია, აქედან ერთმეთექსმეტედზე ნაკლებს (1 215 კილომეტრს) წარმოადგენს NATO-ს წევრი ქვეყანა. რუსეთს სახმელეთო საზღვარი 14 ქვეყანასთან აქვს, მათგან მხოლოდ 5 არის NATO-ს წევრი.
რუსეთის მიერ მეზობელ სახელმწიფოებში სამხედრო აგრესიის პასუხად პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში NATO-მ 4 მრავალეთნიკური საბრძოლო ჯგუფი განათავსა.ეს ძალები არის როტაციული, თავდაცვითი, პროპორციული და მასპინძელი სახელმწიფოების მიერ მოთხოვნილი. ყირიმის უკანონოდ ხელში ჩაგდებამდე, ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში მოკავშირეთა ჯარების განლაგებას არ გეგმავდა.
NATO-ს არასდროს არ გაუცია პირობა, რომ არ მიიღებდა ახალ წევრებს. NATO-ს გაფართოება რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ყველა სუვერენულ სახელმწიფოს აქვს უფლება აირჩიოს თავდაცვის გზა და უსაფრთხოებისთვის შევიდეს რეგიონულ თავდაცვით ალიანსში. ეს არის ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპი, რომელიც ასახულია გაეროს წესდებაში და არის ის, რაც თავად რუსეთმა დაადასტურა მრავალ საერთაშორისო და რეგიონულ დოკუმენტში, მაგალითისთვის, ჰელსინკის დასკვნითი აქტში.
მითი: ევროპა თავს არიდებს დიპლომატიას და პირდაპირ სანქციებს მიმართავს.
ფაქტი: ამერიკის შეერთებული შტატები და პარტნიორები კრიზისის მოსაგვარებლად ჩართულნი არიან აქტიურ დიპლომატიაში, მათ შორის ვაწარმოებთ რუსეთის მთავრობასთან მოლაპარაკებებს. პრეზიდენტი ბაიდენი პრეზიდენტ პუტინს ორჯერ ესაუბრა და ამერიკის ოფიციალურმა პირებმა გამართეს ათობით მაღალი დონის შეხვედრა და სატელეფონო ზარი რუს და ევროპელ კოლეგებთან, რათა დიპლომატიის გზით მშვიდობიანად აღმოიფხვრას კრიზისი. გასარკვევია არის თუ არა რუსეთი მზად, შეასრულოს თავისი პასუხისმგებლობები, როგორც გლობალური ერთობის წევრი და გადადგას ნაბიჯები მის მიერ შექმნილი კრიზისის დეესკალაციისთვის. ხაზგასმით აღვნიშნეთ, საჯაროდ და პირად საუბრებში, რომ ჩვენი და ჩვენი პარტნიორების მხრიდან იქნება სწრაფი და მძიმე ეკონომიკური პასუხი, თუ პრეზიდენტი პუტინი გადაწყვეტს ხელახლა შეჭრა უკრაინაში.