სოციალური აგენტები

"ესაა მხოლოდ პირველი წინ გადადგმული ნაბიჯი" – სოციალურმა აგენტებმა გაფიცვა შეწყვიტეს

კადრი ვიდეოდან/რადიო თავისუფლება

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა გაფიცვიდან მე-6 დღეს პროტესტი შეწყვიტეს. როგორც "სოლიდარობის ქსელის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების გაფიცვა მოლაპარაკებით დასრულდა.

სოციალურმა აგენტებმა გაფიცვა შემდეგი პირობებით შეწყვიტეს:

  • ხელფასების 40%-60%-ით მატება;
  • ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება, რაც ნიშნავს, რომ ყოველი ბავშვის გაჩენის შემდეგ ყოველ თვე მშობელი მიიღებს იგივე ხელფასს, როგორც მუშაობისას;
  • გაფიცულებს აუნაზღაურდებათ გაფიცული სამუშაო დრო;
  • სოც. აგენტები და უფროსი სოც. აგენტები იქნებიან უზრუნველყოფილი ტრანსპორტით;
  • გაუქმდება ერთთვიანი ხელშეკრულებები და ყველა დასაქმებულთან დაიდება ერთწლიანი ხელშეკრულებები;
  • შეიქმნება სპეციალური საკომუნიკაციო პლატფორმა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის;
  • უმჯობესდება დანამატის წესი და მოიხსნება 15 დღიანი ლიმიტი;

"ეს მხოლოდ დასაწყისია, ჩვენი პროფკავშირული კოლექტიური ბრძოლა გრძელდება!" – წერია განცხადებაში.

სოციალური მომსახურების სააგენტოს გაფიცული თანამშრომლები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ ბარკალაია მოლაპარაკებების მიზნით გუშინ, 21 იანვარს შეხვდნენ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს 400-მდე თანამშრომელი 17 იანვარს გაიფიცა. ისინი სამუშაო პირობებს აპროტესტებენ და ანაზღაურების 100%-ით გაზრდას ითხოვენ.

16 იანვარს ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც სოციალურ აგენტებს ანაზღაურება 2021 წლის თებერვლიდან გაეზრდებათ. სამინისტროს გადაწყვეტილებით, სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60%-მდე გაიზრდება. კერძოდ, 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი – 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი. ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ. ასევე, სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაბალი და საშუალო რგოლის 1 000-მდე თანამშრომელს შრომის ანაზღაურება 40%-დან 60 %-მდე გაეზრდება.

საპასუხო განცხადება გამოაქვეყნეს სოციალურმა აგენტებმა – ისინი სამინისტროს შემოთავაზებას არ ეთანხმებიან და წერენ, რომ აგრძელებენ ბრძოლას ღირსეული ანაზღაურებისთვის.

კომენტარები