მიხეილ სააკაშვილი

ევროპული საბჭო და ევროკომისია სააკაშვილს: ყურადღებით ვაკვირდებით თქვენი უფლებების დაცვას

Georgian Journal

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე გამოაქვეყნა წერილი, რომელიც მან ევროპული კავშირისა და ევროკომისიისგან მიიღო. წერილს ევროპის კავშირის საბჭოს სახელით პრეზიდენტ შარლ მიშელის კაბინეტის ხელმძღვანელი, ფრედერიკ ბერნარდი აწერს, ხოლო ევროკომისიის სახელით კი – პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის კაბინეტის ხელმძღვანელი, ბიორნ ზიბერტი. 

წერილში ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილს მადლობას უხდიან იმ წერილისთვის, რომელიც მან დასავლელ პარტნიორებს 14 ოქტომბერს მიწერა და მიესალმებიან სააკაშვილის შიმშილობის შეწყვეტის ფაქტს. 

"მივესალმებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში თქვენს გადაყვანას და შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილებას და გისურვებთ წარმატებულ გამოჯანმრთელებას. საქართველოს ხელისუფლებას აქვს სამართლებრივი პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს პატიმრის ჯანმრთელობა და, შესაბამისად, უზრუნველყოს ადეკვატური მკურნალობა. მოვუწოდებთ საქართველოს, შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები და სრულად დაიცვას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ გამოტანილი დროებითი ღონისძიებით დადგენილი მოთხოვნები.

მომავალში, ძალიან მნიშვნელოვანია, მოხდეს შემდგომი დეესკალაცია და ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთად შეიტანონ ამაში წვლილი. ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით დავაკვირდებით თქვენი ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხს, ისევე, როგორც თქვენს მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელებას. 

გარდა ამისა, დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემა, რომელიც დაიცავს ეთიკისა და კეთილსინდისიერების უმაღლეს სტანდარტებს და მოაგვარებს იმ ნაკლოვანებებს, რისი მოწმენიც გავხდით ბოლო არჩევნებზე, არის არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების ლეგიტიმური მოლოდინი, არამედ გადამწყვეტია ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობისთვის და გამომდინარეობს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებებიდან.

საყოველთაო ჩართულობებით რეფორმების დროული გატარება და განხორციელება არის საქართველოს დემოკრატიული განვითარების და სახელმწიფოს მდგრადობის კუთხით რეალური პროგრესის საუკეთესო საშუალებად. ეს კი დაასრულებს მძიმე პოლარიზაციას, რომელიც ამჟამად აზიანებს ქართულ პოლიტიკურ სისტემას". – წერია წერილში. 

კომენტარები