სავალდებულო სამხედრო სამსხური

აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდი ჯარში გაიწვიეს, შემდეგ კი გამოუცხადებლობის გამო უჩივლეს

ნათია გოგსაძე
მთავარი არხი

აუტისტური სპექტრის მქონე 18 წლის ლევან გაფრინდაშვილი, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამოიძახეს და შემდეგ გამოუცხადებლობის გამო სასამართლოში უჩივლეს. ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მთავარი არხის ჟურნალისტმა და ლევანის დედამ, ნათია გოგსაძემ FACEBOOK-ზე პროცესის შესახებ პოსტი დაწერა. 

როგორც გოგსაძე ამბობს, პოლიციელმა შეადგინა სამართლის ოქმი, სადაც ნათქვამია, რომ ლევანსა და პოლიციელს შორის კომუნიკაცია შედგა, თუმცა ახალგაზრდა კაცს ვერბალური კომუნიკაცია უჭირს. 

"ამ ოქმში, სრულყოფილად რა წერია არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ პოლიციელი ჩემს შვილს არ დალაპარაკებია და ვერც დაელაპარაკება, სამწუხაროდ. მე დამადასტურებელი საბუთი მივიტანე სოციალური დაცვის სამსახურში. სახელმწიფოს ჰქონდა ინფორმაცია ამის შესახებ, მაგრამ თავიდან ბოლომდე, ეს სისტემა არის მშობლის საწინააღმდეგოდ".- ამბობს ნათია გოგსაძე მთავარ არხთან

ლევან გაფრინდაშვილის მამის, მიხეილ გაფრინდაშვილის თქმით, ეს შემთხვევა "წარმოუდგენელი არაადამიანობის მაგალითია". მისი თქმით, ლევან გოგსაძე მერიის ბაზებში შშმ პირად არის აღრიცხული და მისი შვილის მაგალითი აჩვენებს, თუ როგორი დეზორგანიზაციაა უწყებებს შორის. 

"ჩემი შვილი ვერ საუბრობს, არ აქვს ტელეფონი. რა ენაზე ესაუბრა მეც მაინტერესებს, იმიტომ რომ მეც დიდი სიამოვნებით გავესაუბრებოდი ჩემს შვილს. ეს არის წარმოუდგენელი არაადამიანობის, წარმოუდგენელი არაკომპეტენტურობის და გულგრილობის მაგალითი, როდესაც მძიმე აუტიზმით დაავადებული ახალგაზრდას საქმე იხილება სასამართლოში, ჯარში გაწვევის მიზნით".- ამბობს მიხეილ გაფრინდაშვილი. 

ადვოკატი ილია გოგსაძე ამბობს, რომ ასეთი შემთხვევების დროს, შესაბამისი უწყებები ვალდებულები არიან, რომ საქმის წარმოება შეწყდეს. სასამართლოს მეორე სხდომა 18 იანვარს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა გადაიდო. პირველი სხდომის შესახებ ოჯახს ინფორმაცია არ ჰქონია.

კანონმდებლობის მიხედვით შშმ პირები სავადებულო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლებულები არიან. 

ტაბულა ინფორმაციის გასარკვევად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს, ტაბულა ცდილობს უწყებასთან დაკავშირებას. 

კომენტარები