ცისკარიშვილი: პარტიაში ცვლილებები ახალი სისხლის ასაკრეფად გვჭირდებოდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალი გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის თქმით, პარტიაში ცვლილებები "ახალი სისხლის შემოსამტკიცებლად" და ენმ-ში დამატებითი ხალხის შემოსაყვანად განხორციელდა, სამომავლოდ კი მუშაობა სამი მიმართულებით იგეგმება - პარტიის სტრუქტურული გაძლიერება, პროექტებზე, პროგრამებზე და იდეოლოგიაზე მუშაობა და მექანიზმების შემუშავება იმისათვის, რომ მმართველ პარტიას, ქართული ოცნებას აიძულონ გადადგას ნაბიჯები კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულების დეპოლიტიზაციისა თუ არჩევნების გაყალბებაზე ხელის აღების კუთხით. 

"ახალი სისხლი რომ ავკრიფოთ, დამატებითი ხალხი შემოვიყვანოთ პარტიაში, შემოვიმტკიცოთ, ამისთვის გვჭირდებოდა პარტიის ლიდერშიფში ცვლილებები, გადანაცვლებები, თორემ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს, მე შემიძლია რამოდენიმე ბლოკად ჩამოგითვალოთ რაზეც უკვე ვსაუბრობდით და პრესასთანაც საჯაროდ ითქვა იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისშიც, სადაც ნიკა შეითავსებს პარტიის ხელმძღვანელობას, რეგიონებშიც, პატარა ქალაქებშიც, სოფლებშიც, ყველგან, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი რესურსი, პოტენციალი იმისათვის, რომ პარტია გაიზარდოს, გაფართოვდეს, მეტი ხალხი შემოვიმტკიცოთ. პარტიის ახალგაზრდული ფრთა, რომელიც, პრაქტიკულად, არ არსებობს, ახლიდან არის შესაქმნელი და აქაც ძალიან დიდი პოტენციალია.

პარტიის სტრუქტურულად გაძლიერება იქნება ერთი მიმართულება, მეორე კი იქნება პროექტებზე, პროგრამებზე, იდეოლოგიაზე მუშაობა, თუ რას ვთავაზობთ ქოციანობის საპირწონედ ჩვენს საზოგადოებას. ჩვენ გვინდა, რომ მივიდეთ ხალხთან, მივუტანოთ, ავუხსნათ ჩვენი ხედვები ეკონომიკასთან დაკავშირებით, როგორ შეიცვლება მათი ყოველდღიური ყოფა, მათი შემოსავალი, დასაქმება, განათლება და ა.შ." - თქვა ცისკარიშვილმა.

ცისკარიშვილის თქმით, ამ მიმართულებებზე მუშაობა, საბოლოო ჯამში, მოემსახურება და შექმნის წინაპირობას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის.

"მესამე მიმართულება, რაზეც აუცილებლად სამუშაოა სანამ ჩვენ შევცვლით ხელისუფლებას, არის ის, რომ ოცნება ვაიძულოთ რამე გააკეთოს რაღაც დოზით მაინც, როგორც კანონის უზენაესობის და მართლმსაჯულების დეპოლიტიზაციის კუთხით, ასევე არჩევნების გაყალბებაზე ხელის აღებასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი კი პარალელურად აუცილებლად უნდა ემსახურებოდეს და მოემსახურება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ეს წინაპირობები თუ არ შეიქმნა, მიშას გამოხსნა ამ საპყრობილედან რთული იქნება". - თქვა ენმ-ს გენერალურმა მდივანმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, კობა ნაყოფია პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე იქნება, პეტრე ცისკარიშვილი კი გენერალური მდივანი. 

კომენტარები