ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე

უცხოელი ბიზნესმენები ხაზარაძეზე: ვიმედოვნებთ, სასამართლო გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს

ლელო საქართველოსთვის • Lelo For Georgia / Facebook

უცხოელი ბიზნესმენები, ჰარვარდის ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებულები ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე დასკვნით სასამართლო სხდომამდე ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ და იმედს გამოთქვამენ, რომ სასამართლო გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს. მიმართვას მამუკა ხაზარაძე Facebook-ზე ავრცელებს.

"ჩვენ, ჰარვარდის ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებულები და მამუკა ხაზარაძის მეგობრები, OPM29 2000, ვიცნობთ მამუკას 1998 წლიდან და გვსურს დავადასტუროთ მისი გულწრფელობა, პატიოსნება და ერთგულება საქართველოს თანამოქალაქეების მიმართ. მამუკა ხაზარაძე ჩვენი ჯგუფის აქტიური წევრია, რომელიც შედგება ბიზნეს ლიდერებისგან მთელი მსოფლიოდან. 2013 წელს მან უმასპინძლა ჩვენს კურსდამთავრებულთა ყოველწლიურ შეკრებას საქართველოში. ეს შეკრება იყო ყველაზე წარმატებული და გასაოცარი სიახლე ჩვენთვის. ჩვენ აღმოვაჩინეთ ულამაზესი საქართველო, მისი მდიდარი კულტურითა და სტუმართმოყვარე ხალხით.

მამუკა ყოველთვის ხელს უწყობდა ქვეყნის ცნობადობის გაზრდას. იგი დაუღალავად შრომობდა იმისათვის, რომ საქართველოში არსებული სხვადასხვა ბიზნეს შესაძლებლობა გაეცნო ჩვენი ჯგუფისთვის. მამუკამ მთელი მისი ცხოვრება საქართველოს აღმშენებლობას მიუძღვნა. მისმა აშკარა ძალისხმევამ და წარმატებამ, გააუმჯობესა მრავალი ინდუსტრია, მათ შორის, საბანკო სისტემა და მთელი ქვეყნის ეკონომიკა.

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს სასამართლო ამ ყველაფერს გაითვალისწინებს და გამოიტანს გამამართლებელ განაჩენს". – ნათქვამია მიმართვაში.

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულების, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი 11 იანვარს გაიმართება.

TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო, თებერვალში კი, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია TBC ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა".

იმავე წლის 21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, TBC ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი დავას წყვეტს საქართველოს ეროვნულ ბანკს და გადაიხდიდა დაკისრებულ ჯარიმას 1 მლნ ლარის ოდენობით.

2019 წლის ივლისში კი გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ოფიციალურად წარუდგინა ბრალი. მოგვიანებით, აგვისტოში ამავე საქმეზე ბრალი წარუდგინეს ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსაც, რომელიც TV პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მამაა. ტელეკომპანიამ ეს გადაწყვეტილება მედიაზე თავდასხმად შეაფასა. 

კომენტარები