რეალური სიყვარული

10 ფაქტი რეალური სიყვარულის შესახებ, რომელიც შესაძლოა არ იცოდით

Mental Foss

2003 წელს გამოსული რეალური სიყვარული ძალიან მალე გახდა ტრადიციული საახალწლო ფილმი. როგორც ჩანს, ბრიტანელი ვარსკვლავებით დახუნძლულმა, წინაასახალწლო, ერთმანეთისგან განსხვავებული, სასიყვარულო ისტორიების ანტოლოგიამ მაყურებლის გული მალევე მოიგო.

წარმოგიდგენთ 10 ფაქტს რეალური სიყვარულის შესახებ, რომელიც შესაძლოა არ იცოდით.

გამხსნელი სცენა ფარული კამერით არის გადაღებული

ფილმი აეროპორტის შენობაში გადაღებული კომპილაციით იწყება. მგზავრებისა და მათი ახლობლების შეხვედრის სცენებს ჰითროუს აეროპორტში დამონტაჟებული ფარული კამერებით ერთი კვირის განმავლობაში იღებდნენ.

ემა ტომპსონის ტირილის სცენა თორმეტჯერ გადაიღეს

ფილმის ერთ ერთი ყველაზე სევდიანი სცენა თორმეტჯერ გადაიღეს. ემა ტომპსონის თხოვნით ეპიზოდის გადაღებებს მთელი დღე დაეთმო. 

"ეს იყო სამსახიობო ოსტატობის უდიდესი გაკვეთილი". – იხსენებს რეჟისორი რიჩარდ კერტისი.

წარწერები რომანტიკულ პოსტერებზე ენდრიუ ლინკოლნს ეკუთვნის

ცნობილი პოსტერები, რომლებითაცც ენდრიუ ლინკოლნის პერსონაჟი მეგობრის ცოლს სიყვარულს უხსნის, თავად მსახიობის ხელით არის გაფორმებული. თავდაპირველად პოსტერები სამხატვრო დეპარტამენტმა დაამზადა, თუმცა მსახიობმა მოისურვა საკუთარი ხელით დაეწერა მნიშვნელოვანი სიტყვები ფურცლებზე.

ჰიუ გრანტს ცეკვა არ უნდოდა

"მე და ჰიუს არაერთხელ გვიმუშავია ერთად. ისე მოხდა, რომ ჩემი და მისი შეხედულება პრემიერ მინისტრის პერსონაჟზე განსხვავებული აღმოჩნდა. ის უფრო სერიოზულად აღიქვავდა თავის გმირს. ცეკვის სცენის თამაში საერთოდ არ უნდოდა, ბოლო დღეს გადავიღეთ, ბევრი იბუზღუნა, მაგრამ მონტაჟის შემდეგ საცეკვაო ნომერი თვითონაც მოეწონა". – იხსენებს რეჟისორი.

რეალურ სიყვარულს სამი რიმეიქი აქვს

ორიგინალი ფილმის გამოსვლიდან ოთხ წელიწადში რეალური სიყვარულის ბოლივუდური ვერსია, A Tribute To Love გამოვიდა. მოგვიანებით რიმეიქი პოლონეთში გადაიღეს, ფილმს წერილები წმინდა ნიკოლოზს ჰქვია. It All Began When I Met You – ასე ქვია ფილმის იაპონურ ვერსიას.

რეალურ სიყვარულს მოკლემეტრაჟიანი გაგრძელება აქვს

2017 წელს რიჩარდ კერტისმა მოკლემეტრაჟიანი გაგრძელება Red Nose Day Actually გადაიღო, რომელშიც ძველი სამსახიობო შემადგენლობიდან ჰიუ გრანტი, კირა ნაითლი, კოლინ ფირტი, ლაიმ ნისონი, ბილ ნაი და როუენ ატკინსონი გამოჩნდნენ. გაგრძელებაში ემა ტომპსონი არ დაბრუნდა, ვინაიდან მისი საეკრანო პარტნიორი ალან რიკმანი 2016 წელს გარდაიცვალა.

ამერიკული ბარის სცენა ნაწილობრივ იმპროვიზაციაა

ბარის სცენის გადაღებისას კერტისმა მსახიობებს მეტი თავისუფლება მისცა. 

"გადასაღებ მოედანზე ძალიან შემოქმედებითი ატმოსფერო სუფევდა. რეჟისორმა იმპროვიზაციის საშუალება მოგვცა. ბევრი ფრაზა ჩვენ თვითონ მოვიგონეთ". – იხსენებს ერთ-ერთი მსახიობი ელიშა კატბერტი.

როუენ ატკინსონის პერსონაჟი ანგელოზი უნდა ყოფილიყო

ცნობილი ინგლისელი კომიკოსი, მისტერ ბინის როლის შემსრულებელი ორ სცენაში ჩანს. თავდაპირველი სცენარით ატკინსონის პერსონაჟი ანგელოზი უნდა ყოფილიყო, რომელიც გმირებს რთულ სიტუაციებში ეხმარება. კერტისმა საბოლოო სცენარი შეცვალა, ვინაიდან არ სურდა ფილმს არარეალური ელფერი ჰქონოდა.

საიმონ პეგმა როლი ვერ მიიღო

კომიკოსი საიმონ პეგი მსოფლიო 2004 წელს, ფილმით Shaun of The Dead გაიცნო. იქამდე მსახიობს სამშობლოში სიტკომ Spaced-დან იცნობდნენ. პეგს სავაჭრო ცენტრის გამყიდველი უნდა ეთამაშა, მაგრამ რეჟისორმა როლზე მის ნაცვლად უფრო ცნობადი სახე და დიდი ხნის მეგობარი როუენ ატკინსონი დაამტკიცა.

სატელევიზიო ვერსიაში ერთი ისტორიით ნაკლები მოხვდა

ბრიტანეთის სატელევიზიო სივრცეში რეალური სიყვარულის შემოკლებული ვერსია მოხვდა. ფილმიდან მარტინ ფრიმენისა და ჯოანა პეიჯის პერსონაჟების ისტორია ამოჭრეს. სიუჟეტის მიხედვით წყვილი ერთმანეთს ეროტიკული ფილმის გადასაღებ მოედანზე იცნობს.

კომენტარები