Blackberry

ოპერაციულმა სისტემამ BLACKBERRY არსებობა შეწყვიტა

Wired

4 იანვარს ოპერაციულმა სისტემამ BlackBerry ოფიციალურად არსებობა შეწყვიტა. 

BlackBerry 10, 7.1 OS და უფრო ძველი მოდელების მფლობელები ვერ ისარგებლებენ ინტერნეტით, ვერ გააგზავნიან ტექსტურ შეტყობინებებს და ვერსად, მათ შორის სამაშველო სამსახურშიც ვერ დარეკავენ. იმუშავებს მხოლოდ ის მოდელები, რომლებზეც ანდროიდის ოპერატიული სისტემაა ჩაწერილი.

ბლექბერის ოპერატიული სისტემის უკანასკნელი განახლება 2013 წელს გამოვიდა. 2016 წელს კომპანიამ ერთ დროს ინოვაციური ტელეფონების წარმოება შეწყვიტა. 

კანადური კომპანია RIM (Research In Motion) 1996 წელს შეიქმნა და ბაზარზე იმ დროისთვის რევოლუციური ტექნოლოგიით, ინტერაქციული პეიჯერით შეიჭრა. სამი წლის შემდეგ მწარმოებელმა სახელი ბლექბერით შეიცვალა და ტელეფონის მოდელი BlackBerry 850 გამოუშვა. 90-იანი წლების მიწურულს და 2000-იანი წლების დასაწყისში ბლექბერის ტელეფონი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა. ტელეფონი საქმიანი ადამიანის იმიჯის განუყოფელი ნაწილი გახდა. სხვადასხვა დროს ბლექბერის ტელეფონებით სარგებლობდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც ბარაკ ობამა და კიმ კარდაშიანი არიან. სმარტფონს ჰქონდა ელექტრონული ფოსტის, აპლიკაციების და ვებ ბრაუზერის მხარდაჭერა. 

ბლექბერისთვის გარდამტეხი 2007 წელი აღმოჩნდა, როდესაც კონკურენტმა iPhone-მა თაჩსქრინი გამოუშვა. წლიდან წლამდე BlackBerry-ს მომხმარებელთა რაოდენობამ იკლო. 2012 წელს უკანასკნელ განახლებამდე ერთი წლით ადრე ბლექბერით 80 მილიონი ადამიანი სარგებლობდა, 2016 წლისთვის მომხმარებელთა რაოდენობა 23 მილიონამდე ჩამოვიდა. 

კომენტარები