ოქროს გლობუსი

ოქროს გლობუსის დაჯილდოება სტუმრებისა და წითელი ხალიჩის გარეშე გაიმართება

Britannica

წლევანდელი ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონია სტუმრების, პრესისა და წითელი ხალიჩის გარეშე გაიმართება. ინფორმაციას ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია (HFPA) ავრცელებს.

შარშანდელი დაჯილდოების შემდეგ HFPA მედიამ და ჰოლივუდის ვარსკვლავებმა გააკრიტიკა. მათი თქმით ასოციაციის რიგები ასაკოვანი თეთრი კაცებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც ჯილდოების გაცემისას რასობრივი და გენდერული სტერეოტიპებით ხელმძღვანელობენ. მოგვიანებით, იგივე მიზეზით, ოქროს გლობუსის დაჯილდოების ტრანსლაციაზე უარი თქვა სატელევიზიო არხმა NBC-მ.

ასოციაციამ თავის რიგებში 21 ახალი წევრი მიიღო, თუმცა, როგორც ჩანს ცვლილება საკმარისი არ აღმოჩნდა, ვინაიდან ჯილდოების გადაცემაზე ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავების უმეტესობამ უარი თქვა. სწორედ ამიტომ ასოციაციის ხელმძღვანელობა წლევანდელ ცერემონიას პომპეზურობის გარეშე ატარებს. ამ ეტაპზე უცნობია თუ რა ფორმით გამოავლენენ გამარჯვებულებს, შესაძლოა ეს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტებით ან ოფიციალური პრეს რელიზით მოხდეს.

ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია ჟურნალისტებითა და ფოტოგრაფებით დაკომპლექტებული არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც 1943 წელს შეიქმნა. ასოციაცია აერთიანებს 90 წევრს 55 ქვეყნიდან. 1944 წლიდან HFPA ატარებს ოქროს გლობუსის ყოველწლიურ დაჯილდოებას ლოს-ანჯელესში, სადაც ავლენენ საუკეთესო კინოფილმებსა და ტელესერიალებს.

წლევანდელი ოქროს გლობუსის ნომინანტთა სრულ სიას გაეცანით ამ ბმულზე.

კომენტარები