თბილისის მერია

კალაძე: ბიზნესსუბიექტები 2020-2021 წლის იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდებიან

კახა კალაძე
თბილისის მერია

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, ბიზნესსუბიექტები 2020-2021 წლის იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდებიან. მისი თქმით, მათ შეღავათების მისაღებად მიმართვის ვადა 2022 წლის პირველ აპრილამდე აქვთ. როგორც კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დედაქალაქის საკრებულომ ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა უკვე დაამტკიცა.

"არსებული პანდემიის პირობებში, ძალიან დაზარალდა ბიზნესსექტორი. ჩვენი მხრიდან, შესაძლებლობების ფარგლებში, არაერთი მხარდამჭერი ღონისძიება იყო გამოცხადებული. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ თანადგომას მომავალშიც გავაგრძელებთ.

საკრებულომ უკვე დაამტკიცა ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა. მინდა მივმართო იმ ბიზნესსუბიექტებს, რომლებიც აღნიშნულ საშეღავათო პროგრამაში ხვდებიან. ესენი არიან ძირითადად მუნიციპალიტეტის და მუნიციპალური საწარმოების მოიჯარეები, რომელთაც უნდა ჩამოვაწეროთ სანქცია-საურავები და გავათავისუფლოთ 2020-2021 წლის იჯარის გადასახადისგან. სურვილის შემთხვევაში მათთვის უნდა განისაზღვროს დამატებითი ვადა, ვადაგასულ საიჯარო ხელშეკრულებებს უნდა აღვუდგინოთ ვადები. ამისთვის საჭიროა, აღნიშნულმა სუბიექტებმა მიმართონ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს, რათა შესაბამისი ცვლილებები უმოკლეს დროში განხორციელდეს და შეძლონ მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი შეღავათებით სარგებლობა". – თქვა კალაძემ.

კომენტარები