საკრებულო

კობახიძე: საკრებულო ეკლესიას ტექნიკას აჩუქებს – ქვეყანა იქცეოდა და ტურას ქორწილი ჰქონდაო

ქვეყანა იქცეოდა და ტურას ქორწილი ჰქონდაო – ასეა ჩვენი ეკლესიის საქმე. კოვიდით ამდენი ხალხი იღუპება, ადამიანი ქუჩაში გაიყინა და მოკვდა, სამღვდელოება კი მეთოდურად და სისტემატურად შოულობს ფულს. თბილისის საკრებულოს წევრი, ცოტნე კობერიძე წერს, რომ გუშინ საკრებულოში საპატრიარქოს მოთხოვნა შემოვიდა – საბავშვო ბაღების ქონება გადმოგვეცითო. რამე სათამაშოები და ჭოჭინები კი არა, არამედ ათასობით ლარის ღირებულების ელექტრო და გაზქურები, ტელევიზორები, კამერები, მონიტორები, ჯამში 35 000 ლარის ქონება. ამ ძვირფასეულობას ხვალ, ორშაბათს აჩუქებს საკრებულო დედაეკლესიას. ამავე დროს კი ხომ გახსოვთ, ყოველი ტაძრის მიმდებარე ოცი ჰექტარი ტყე რომ გადასცეს ეკლესიას? კანონში ეწერა, რომ მხოლოდ იმ ტაძრებს გადაეცემოდათ, რომლებიც 2010 წლის აგვისტომდე ფუნქციონირებდნენ. 24 დეკემბერს კი ჩვენმა პარლამენტმა კანონში შესწორება მოაკვარახჭინა და ტყის გადაცემა 2021 წლამდე არსებულ ეკლესია-მონასტრებზე დაადგინა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში საპატრიარქო სახელმწიფოს შემდეგ ყველაზე მსხვილი მიწათმფლობელია. ასეთი უტიფარი მაფიოზი სამღვდელოება არცერთ ქვეყანაში არ არის და უნდა ვაღიაროთ, რომ ეს საზოგადოების ბრალიცაა, რადგან ხალხი მამაოებს რაღაც აღმატებულ არსებებად თვლის და ყველაფერს პატიობს, მთავრობებს კი სულ ფეხებზე ჰკიდიათ ხალხიც და ეკლესიაც. უბრალოდ ხედავენ, რომ ხალხი სამღვდელოებას აღმერთებს, ამიტომაც მთავრობა მამაოებს აფინანსებს და ხედავს, რომ მშიერი მოსახლეობა სამღვდელოების გაზულუქებით ბედნიერია, ხმასაც მამაოების სტომაქის ამომყორავ პოლიტიკოსებს აძლევს. რატომაც არ დააფინანსებს მთავრობა საპატრიარქოს და არ დაიკიდებს ხალხს? ხოლო ჩვენს სამღვდელოებაზე აღარაფერს ვიტყვი, უამრავი ადამიანი თვითონაც კარგად ხედავს, ვინც არიან ეგენი.

წერს თეოლოგი ბასილ კობახიძე სოციალურ ქსელში. თბილისის საკრებულოს დეპუტატისა და გირჩი – მეტი თავისუფლების წევრის, ცოტნე კობერიძის ინფორმაციით, კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი მერიას სთხოვს, N13, N43 და N47 საბავშვო ბაგა-ბაღების შენობაში განთავსებული ტექნიკა აჩუქონ.

კომენტარები