ქართული ოცნება

კახა კუჭავა ახალ "მნიშვნელოვან პროექტზე" იმუშავებს

პარლამენტის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილების გაჟღერებისას თქვა, რომ ის მომავალი წლიდან ახალ "მნიშვნელოვან" პროექტზე იმუშავებს, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს. კახა კუჭავა პარლამენტის სპიკერის პოსტთან ერთად, საპარლამენტო მანდატსაც ტოვებს.

"მომავალ წელს გაიგებთ მეტს ამ პროექტზე, რომელსაც მე ვუხელმძღვანელებ. ეს დამატებით ახსნის ყველა მიზეზს, რაც დღეს არ შეგვიძლია ვთქვათ". – ამბობს კუჭავა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

კუჭავას თქმით, ის "შორს არსად მიდის" და რჩება პოლიტსაბჭოში. ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ კუჭავამ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება თავად მიიღო.

როგორც კუჭავა ამბობს, ეს არ ყოფილა რამდენიმე დღეში მიღებული გადაწყვეტილება და ამაზე გუნდთან და ლიდერებთან ერთი თვეა საუბრობენ, – "მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო პარლამენტის სპიკერის თანამდებობა, ეს არაა 2-3 დღის გადაწყვეტილება, დაახოებით თვეა, რაც ამ საკითხზეა საუბარი".

პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ქართული ოცნება შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას წარადგენს.

კომენტარები