ბრიტნი სპირსი

მინდა იცოდეთ ვინ ვიყავი – ბრიტნი სპირსი სარკესთან მღერის – [VIDEO]

ბრიტნი სპირსმა თაყვანისმცემლებს საკუთარი ვოკალური მონაცემების შესახებ შეახსენა. მომღერალმა სახლში, სარკესთან გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც სიტყვების გარეშე არენბი სტილში მღერის. ვიდეოში გამოკვეთილად მხოლოდ ერთი ფრაზა ისმის – "მინდა იცოდეთ ვინ ვიყავი".

პოპ შემსრულებელმა ვიდეოს აღწერილობაში კიდევ ერთხელ გაიხსენა საკუთარი ოჯახი. მას შემდეგ რაც სასამართლომ სპირსი მამის მეურვეობისგან გაათავისუფლა, მომღერალმა ოჯახის წევრები ნეგატიურ კონტექსტში არაერთხელ მოიხსენია.

"დღეს მივხვდი, რომ მას შემდეგ რაც ჩემმა ოჯახმა დამმართა, საკუთარი თავის გულშემატკივარი უნდა ვიყო. ღმერთია მოწმე ისინი ჩემი გულშემატკივრები ნამდვილად არ იყვნენ". – წერს ვიდეოს აღწერილობაში სპირსი.

27 წლის ბრიტნი სპირსზე მეურვეობა მამამისმა 2008 წელს სასამართლოს გზით მოიპოვა. მიზეზი სპირსის არასტაბილური მენტალური ჯანმრთელობა გახდა. მუსიკოსის 60$-მილიონიან ქონებას 2021 წლის ოქტომბრამდე მამა განაგებდა. მეურვე არჩევდა შვილის რეპერტუარს, განკარგავდა მის კარიერას, საჯარო იმიჯს და გარდერობსაც კი. მამისგან თავის დახსნა პირველად პოპშემსრულებელმა 2014, ხოლო მეორედ 2020 წელს სცადა წელს სცადა. არც ერთი საჩივარი ხანგრძლივი განხილვის შემდეგ მომღერალს არ დაუკმაყოფილეს, რასაც საზოგადოების და მედიის მხრიდან ნეგატიური შეფასება მოჰყვა.

"ტრავმირებული, შოკირებული, დაღლილი და საშინლად გაბრაზებული ვარ, თითქმის არ მძინავს. უბრალოდ, მინდა, დავიბრუნო ძველი ცხოვრება. მინდა, დასრულდეს მეურვეობა. მე ამას ვიმსახურებ, მთელი ცხოვრება ვმუშაობდი". – ამ სიტყვებით მიმართა ბრიტნი სპირსმა სასამართლოს, რომელმაც საჩივარი არ დაუკმაყოფილა.

ჯეიმი სპირსის თქმით მას და მისი ოჯახის წევრებს თაყვანისმცემლები რეგულარულად ემუქრებოდნენ. 

2021 წლის 8 სექტემბერს მეურვეობის დასრულების მოთხოვნით საბუთები სასამართლოში თავად ჯეიმი სპირსმა შეიტანა. 30 სექტემბერს სასამართლოს გადაწყვეტილებით მომღერალი მამის მეურვეობისგან გათავისუფლდა. თუმცა ამით მეურვეობა არ დასრულებულა, მოსამართლემ ახალი მეურვის დანიშვნის უფლება დაიტოვა. საბოლოოდ სასამართლომ პოპ შემსრულებელი მეურვეობისგან სრულად 13 ნოემბერს გაათავისუფლა.

სპირსს თავისი ოჯახის წევრები ახლო წარსულშიც გაუკრიტიკებია. ერთ ერთ პოსტში მომღერალმა მეურვეობის იდეის ავტორად დედა, ლინ სპირსი დაასახელა

ბრიტნი სპირსის მეურვეობის შესახებ ორი დოკუმენტური ფილმია გადაღებული. Framing Britney Spears წლის დასაწყისში გამოვიდა, ფილმმა საზოგადოების დიდ ნაწილში აღშფოთება გამოიწვია. იქამდე მომღერლის უუფლებობაზე მხოლოდ ერთგული თაყვანისმცემლების მცირე ნაწილი აპროტესტებდა. 28 სექტემბერს Netflix-მა კიდევ ერთი დოკუმენტური ფილმი, Britney vs Spears გამოუშვა.

კომენტარები