პოლიტიკური კრიზისი

კაპანაძე: ოპოზიცია გრძელვადიან საარჩევნო სტრატეგიაზე უნდა გადაეწყოს

შიმშილობის ინსტრუმენტად გამოყენების მომხრე არ ვარ, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც არ ჩანს შედარებით მარტივად მისაღწევი მიზანი და ახლა რა მიზნითაც არიან მოშიმშილეები ნაციონალური მოძრაობის ოფისთან, ეს არ არის მარტივად მისაღწევი მიზანი, ისინი ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. კარგად ვიცით, ივანიშვილისთვის ეს იმხელა ამბავია, რომ არ მგონია, ამ შიმშილობის შედეგად მან ეს გადაწყვეტილება მიიღოს. რომ შევადაროთ, წინა შიმშილობისას ძალიან ლეგიტიმური მოთხოვნა იყო - სააკაშვილის გადაყვანა საავადმყოფოში, რაც მიღწევადი მოთხოვნა იყო და გამართლებულიც და გამოიღო კიდეც შედეგი. ახლა არ მგონია, რომ ამ ინსტრუმენტით შესაძლებელი იქნება ამ მიზნის მიღწევა.

არ ვუყურებ ოპტიმისტურად არც პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ დაწყებულ პროცესს, მიუხედავად იმისა, მგონია, რომ სწორია ეს პროცესი. შედეგი ექნება თუ არა, აპრიორი დამოკიდებულება, რომ არაფერი გამოვა, არ ღირს და არ ვილაპარაკოთ, ფუნდამენტურად არასწორი მგონია. ეს პროცესი და ამაში მონაწილეობა არის ღირებული იმ რისკის გათვალისწინებითაც კი, რომ შეიძლება თავიდანვე ჩადებული იყოს ქართული ოცნების მხრიდან, რომ ეს იყოს პროცესის მიმიკრია, ვითომ რაღაც ხდება და შემდეგ არაფერი არ მოხდეს.

მგონია, რომ მიშას არ გამოუშვებენ - იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელშიც ივანიშვილი და ქართული ოცნება არის დღეს. ოპოზიცია უნდა გადაეწყოს გრძელვადიან საარჩევნო სტრატეგიაზე, მათ შორის სერიოზულ გამწვავებებზე, აქციებზე პარლამენტში, საკრებულოებში, მაქსიმალურ მიწოლაზე, მხილებაზე, მაგრამ მთავარი მაინც უნდა იყოს, რომ ხალხის ახალი სეგმენტები დაარწმუნოს, რომ ქართული ოცნება არის ცუდი და როცა იქნება არჩევნები, დღეს თუ ორი წლის მერე, წავიდეს ქართული ოცნების წინააღმდეგ.

თქვა ყოფილმა დეპუტატმა, სერგი კაპანაძემ.

კომენტარები