პოლიტიკური კრიზისი

"ვიზიარებ თქვენს შეშფოთებას" – ბორელი ოპოზიციურ ლიდერებს წერილით პასუხობს

ჯოზეფ ბორელი
European Interest

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს წერილით პასუხობს.

წერილის თარგმანს უცვლელად გთავაზობთ:

მინდა მადლობა გითხრათ, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებული 9 დეკემბრის წერილისთვის.

ვიზიარებ თქვენს შეშფოთებას შეჩერებულ სასამართლო და საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით, რომლებიც ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების საფუძველშია.

რეფორმების დროული მიღება და გატარება რჩება საქართველოს დემოკრატიის და მდგრადობის შენების გზაზე ხელშესახები პროგრესის და საქართველოს პოლიტიკური სისტემის დამაზიანებელი პოლარიზაციის დასრულების საუკეთესო საშუალებად.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სასამართლო სექტორსა და დემოკრატიულ რეფორმებს. რამდენადაც პასუხისმგებლობა პირველ რიგში მთავრობას აკისრია, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მთავრობამ და ოპოზიციამ ერთად იმუშაონ დეესკალაციასა და რეფორმების კონსტრუქციული დღის წესრიგის მიყოლაზე.

როგორც ეს 15 დეკემბრის აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთობლივ დეკლარაციაშია გაწერილი, ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებს და სიღრმეს სხვა ასპექტებთან ერთად განსაზღვრავს რეფორმების გატარების ტემპი და მათი ხარისხი.

ევროკავშირის პირობითობა და სტიმულის მიცემაზე დამყარებული მიდგომა (მეტი მეტისთვის და ნაკლები ნაკლებისთვის) ყველაზე მეტი სარგებლის მომტანი იქნება იმ პარტნიორებისთვის, რომლებიც რეფორმების გატარების ერთგული რჩებიან. ეს იყო ევროკავშირის ნათელი გზავნილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე. ევროკავშირი საქართველოს და ქართველი ხალხის სასარგებლოდ გააგრძელებს ევროკავშირის და საქართველოს ასოცირების შეთანხმებაზე დაფუძნებული ამბიციური რეფორმების მხარდაჭერას.

პატივისცემით,

ჯოზეფ ბორელი​

ჯოზეფ ბორელისთვის გაგზავნილ წერილში ოპოზიცის წევრები საუბრობენ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე, საქართველოს მთავრობის მიერ დემოკრატიული კურსიდან გადახვევაზე, ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის შეთანხმების დარღვევაზე, პოლიტკური ოპონენტების დევნაზე, რეფორმების დღის წესრიგის შეჩერებაზე. წერილს ხელს აწერენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები.

კომენტარები