აფეთქება ვაზისუბანში

ისნის გამგებელი: ვაზისუბანში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსი საცხოვრებლად ვარგისია

ისნის რაიონის გამგებელი ნიკა ელისაშვილი ამბობს, რომ ვაზისუბანში აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია და კორპუსი საცხოვრებლად ვარგისია. 

კორპუსში მცხოვრებლების დაბრუნება უკვე დაიწყეს. 

"დასკვნით დადასტურდა, რომ კორპუსი მდგრადია, რამე სერიოზული პრობლემა არ აღენიშნება. არის პირველი კატეგორიის დაზიანება, რაც პირდაპირ ნიშნავს, რომ საცხოვრებლად კორპუსი ვარგისია. შესაბამისად, ჩვენ უკვე დავიწყეთ მოსახლეობის შეყვანა კორპუსში. ელექტროენერგია ეტაპობრივად მიეწოდება და ხვალ, დილის 09:00 საათიდან მოსახლეობას ბუნებრივი აირით უზრუნველვყოფთ". - ამბობს გამგებელი. 

რაც შეეხება ზარალს, ელისაშვილის თქმით, ზარალის დათვლა პარალელურად მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში ეცოდინებათ, რა სახის ზარალი მიადგა თითოეულ ოჯახს.

"ზარალის დათვლა მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში გვეცოდინება, თუ რა სახის ზარალი არის მიყენებული თითოეულ ოჯახზე, რომელიც დაზარალდა და შემდეგ მიეცემა ამ საქმეს მსვლელობა". - ამობს ნიკა ელისაშვილი. 

გუშინ, 19 დეკემბერს, ვაზისუბნის დასახლებაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირი აფეთქდა. შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, ექიმების თქმით, ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენ 4-ს მსუბუქი ინტოქსიკაცია აქვთ. 

კომენტარები