უკრაინის ავტოკეფალია

მიტროპოლიტი ეპიფანე: საქართველო რუსეთის გავლენის გამო არ აღიარებს უკრაინის ავტოკეფალიას

მიტროპოლიტი ეპიფანე
ПЦУ

კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტის ეპიფანეს თქმით, საქართველო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას რუსეთის გავლენის გამო არ აღიარებს და რუსეთი საქართველოს ეკლესიას აფხაზეთის წართმევით ემუქრება. ამ საკითხზე მიტროპოლიტმა რადიო თავისუფლების უკრაინულ გამოცემასთან ისაუბრა.

"ჩვენ ველოდებით, გვაქვს პროგრესი, არ გვაქვს რეგრესი, მაგრამ არის ბევრი მომლოდინე ეკლესია. ნამდვილად, ქართველებს და უკრაინელებს აქვთ მეგობრული, კარგი ურთიერთობა. მე ძალიან ბევრი მესმის ქართველებისგან, რომლებიც ამბობენ: რატომ არ აღიარა ჩვენმა ეკლესიამ ამ დრომდე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია?

მაგრამ როგორც გვესმის და ვიცით, საქართველოში არის რუსეთის ფედერაციის გავლენა, ქართული ეკლესიის შანტაჟი – თუ ისინი აღიარებენ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, მაშინ მათ საბოლოოდ წაართმევენ აფხაზეთს – ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიას. ამის გამოა ასეთი მერყეობა.

აუცილებლად მოვა დრო. ჯერჯერობით მხოლოდ სამი წელია გასული, როგორც ეკლესიის ისტორიიდან ვიცით, ეს ძალიან მოკლე ვადაა. ჩვენ ვსაუბრობთ ათასწლეულების ისტორიაზე, უძველეს ფესვებზე. ამ სამ წელში ისედაც ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და მომავალში ამ პროცესში აუცილებლად ჩაერთვებიან სხვა ეკლესიებიც, იმიტომ რომ სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს." – თქვა მიტროპოლიტმა ეპიფანემ.

უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია 2019 წლის 6 იანვარს გამოაცხადა. უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას აღიარებს კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, კვიპროსის და ელადის მართლმადიდებელი ეკლესიები.

კომენტარები