საქართველო-რუსეთი

ბრეგაძე: დეპორტირებულებისთვის კომპენსაციის გადახდის ვადა რუსეთს 2021 წლის ბოლომდე აქვს

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციის გადახდის ვადა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთს 2021 წლის დეკემბრის ბოლომდე მისცა. მინისტრის თქმით, თუ რუსეთი მემორანდუმს ხელს არ მოაწერს, ვალდებულების დარღვევის პროცედურები ამოქმედდება.

"იუსტიციის სამინისტროს აქტიურობის შედეგად რუსეთი დათანხმდა, კომპენსაცია ჩარიცხოს ევროპის საბჭოს ანგარიშზე. ამ მიზნით ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა და საქართველოს ელჩმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მინისტრთა კომიტეტმა რუსეთს ხელმოწერისა და თანხის გადახდისთვის ვადა 2021 წლის დეკემბრის ბოლომდე დაუდგინა. თუ დეკემბერში რუსეთი ხელს არ მოაწერს, ამ შემთხვევაში დაიწყება ვალდებულების დარღვევის პროცედურები, რაც შეიძლება დასრულდეს როგორც ხმის უფლების წართმევით, ან გარიცხვით და შემდგომში საერთაშორისო სამართალში აღსრულების მექანიზმებზე მოგეხსენებათ, რომ ეს არ არის მარტივი საკითხი, თუმცა მიღწევადია და ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ ყველა იმ მექანიზმს, რაც თეორიულად მაინც ჩვენს ხელთ შეიძლება იყოს". – თქვა ბრეგაძემ პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას.

2020 წლის 4 დეკემბერს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა შუალედური რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გამოტანილი გადაწყვეტილების შეუსრულებლობაზე.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის იანვარში გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც რუსეთმა 2006 წელს საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაციის გამო კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს. კომპენსაციის გადასახდელად რუსეთს ვადა 2019 წლის 30 აპრილამდე ჰქონდა. რუსეთი განაჩენის აღსრულებაზე უარს ამბობს.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მარტში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთი განაჩენი გამოიტანა და 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების ინდივიდუალური სარჩელი დააკმაყოფილა – გადაწყვეტილება საქმეზე "ბერძენიშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ" რუსეთს საქართველოს 19 მოქალაქისთვის კომპენსაციის გადახდას აკისრებს. სასამართლოს განაჩენით, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებს 2 000-დან 15 000 ევრომდე უნდა გადაუხადოს.

ამ საქმეზე 2020 წლის მარტში რუსეთის ფედერაციამ 2006 წელს რუსეთიდან კოლექტიური გამოძევების შედეგად დაზარალებულ, საია-ს დაცვის ქვეშ მყოფ 7 მოქალაქეს კომპენსაცია გადაუხადა.

კომენტარები