საქართველო-რუსეთი

ევროპის საბჭომ რუსეთის მიერ დეპორტირებულებისთვის კომპენსაციის გადახდაზე რეზოლუცია მიიღო

ამერიკის ხმა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა შუალედური რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გამოტანილი გადაწყვეტილების შეუსრულებლობაზე.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის იანვარში გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც რუსეთმა 2006 წელს საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაციის გამო კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს. კომპენსაციის გადასახდელად რუსეთს ვადა 2019 წლის 30 აპრილამდე ჰქონდა. რუსეთი განაჩენის აღსრულებაზე უარს ამბობს.

მიმდინარე წლის ოქტომბერში ევროპის საბჭომ უკვე გამოაქვეყნა განცხადება და რუსეთს მოუწოდა, გადაიხადოს კომპენსაცია. შუალედური რეზოლუცია რუსეთის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პროცედურების დაწყების მიმართულებით პირველი ნაბიჯია.

საქმის შემდგომი განხილვა კომიტეტის შემდეგ შეხვედრაზე, 2021 წლის მარტში გაგრძელდება და სწორედ ამ დროს გადაწყდება კონკრეტული ნაბიჯები, რასაც ევროპის საბჭო რუსეთის ქმედებების საპასუხოდ გადადგამს.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მარტში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთი განაჩენი გამოიტანა და 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების ინდივიდუალური სარჩელი დააკმაყოფილა - გადაწყვეტილება საქმეზე "ბერძენიშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ" რუსეთს საქართველოს 19 მოქალაქისთვის კომპენსაციის გადახდას აკისრებს. სასამართლოს განაჩენით, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებს 2 000-დან 15 000 ევრომდე უნდა გადაუხადოს.

ამ საქმეზე 2020 წლის მარტში რუსეთის ფედერაციამ 2006 წელს რუსეთიდან კოლექტიური გამოძევების შედეგად დაზარალებულ, საია-ს დაცვის ქვეშ მყოფ 7 მოქალაქეს კომპენსაცია გადაუხადა.

ამავე თემაზე:

კომენტარები