17 მაისი

სტრასბურგი: პოლიციამ ვერ უზრუნველყო 17 მაისს ღონისძიების მშვიდობიანად ჩატარება

დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2013 წლის 17 მაისის საქმეზე დაასკვნა, რომ საქართველოს პოლიციამ ვერ შეასრულა თავისი მოვალეობა 2013 წლის 17 მაისს აქციის უსაფრთხოების უზრუნველყოფისას.

გარდა ამისა, კონვენციის მე-11 და მე-14 მუხლების გამოყენებასთან დაკავშირებული შესაბამისი ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით, არსებულ საქმეში განხილული სიტუაციების მსგავს შემთხვევებში, ასევე, მე-3 და მე-14 მუხლების მიხედვით ფაქტობრივი და სამართლებრივი დასკვნების გათვალისწინებით, რომლებიც თანაბრად ეხება შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული საჩივრებს, სასამართლო მიიჩნევს, რომ პოლიციამ ვერ შეასრულა პოზიტიური ვალდებულება უზრუნველეყო 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის ღონისძიების მშვიდობიანად ჩატარება.

შიდა ხელისუფლება, რა თქმა უნდა, თავისუფალია აირჩიოს ზომები, რომლებიც ღონისძიების არეულობის გარეშე ჩატარებას უზრუნველყოფს, თუმცა სასამართლო სამწუხაროდ მიიჩნევს, რომ [ღონისძიებისთვის] მომზადებისას LGBT დემონსტრანტებისთვის სერიოზული საფრთხის განეიტრალებისთვის საჭირო რესურსების სათანადო შეფასება არ მომხდარა.

იმის მიუხედავად, რომ რეალობა და რისკის მასშტაბი სრულად იყო გაცნობიერებული, პოლიციამ უფრო ეფექტიანი ზომების მიღების ნაცვლად, რაც საშუალებას მისცემდა აპლიკანტებს გაეგრძელებინათ მშვიდობიანი ღონისძიება, თავისი როლი დაიყვანა [დემონსტრანტების] ადგილიდან გაყვანის გეგმის, როგორც ერთადერთი ალტერნატივის, შემუშავებამდე. ასეთი დამოკიდებულება მიანიშნებს, რომ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის ღონისძიების ჩატარების უზრუნველყოფისთვის მიღებული ზომები არასოდეს ყოფილა შიდა ხელისუფლების პრიორიტეტი.

ზემოაღნიშნულის ფონზე, სასამართლო ასკვნის, რომ დაირღცა მოპასუხე სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება კონვენციის მე-11 მუხლის მე-14 მუხლთან ერთად ფარგლებში.

სასამართლომ დაადგინა რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლი მე-14-სთან ერთად, რაც გულისხმობს LGBTQ+ ადამიანების მიმართ დისკრიმინაციულად არაადამიანურ მოპყრობას. სასამართლომ საქართველოს მთავრობას დაზარალებულებისთვის ჯამურად €193 500-ის გადახდა დააკისრა.

2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ მცირერიცხოვანი აქცია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურობით ათასობით ადამიანმა დაარბია. მათ არაერთ მონაწილეზე იძალადეს. 2014 წლიდან საპატრიარქომ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა და ყოველწლიურად აღნიშნავს.

საქართველოში 17 მაისის დღის გამოცდილებასთან დაკავშირებით წაიკითხეთ აქ.

კომენტარები