Vetements

"ასპარეზზე გამოსვლის დროა" – გურამ გვასალია VETEMENTS-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელია

WWD

გურამ გვასალია Vetements-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი იქნება - ამის შესახებ ბრენდის თანადამფუძნებელმა პოსტი Instagram-ზე გამოაქვეყნა.

Vetements-ი მეორე დამფუძნებელმა და კრეატიულმა დირექტორმა, დემნა გვასალიამ, 2019 წელს დატოვა. მას შემდეგ ბრენდს შემოქმედებითი ხელმძღვანელი არ ჰყავდა და კოლექციებს ჩვენთვის უცნობი ადამიანები ქმნიდნენ. გუშინ, 15 დეკემბერს, ცნობილი გახდა, რომ 2022-2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ხელმძღვანელი გურამ გვასალია იყო.

"ყველაფერს თავისი დრო აქვს. დრო მოვიდა, რომ ასპარეზზე გამოვიდე. 2022-2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის შექმნისას გადავწყვიტე, რომ Vetements-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი გავხდე", - წერს გვასალია.

გურამ გვასალიამ პოსტში ახსნა ის მიზეზები, რატომ გადაწყვიტა ხალხისთვის საჯაროდ ეცნობებინა, რომ ის შემოქმედებითი ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს.

"Vetements-ი ჩემთვის ბრენდზე მეტია. ეს დნმ-ია, რომელიც ჩემს სისხლშია. თუმცა, ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, რატომაც ამას ვაკეთებ. მართალია, რომ ამის საიდუმლოდ გაკეთება შემეძლო, რადგან ძალიან პრივატული ადამიანი ვარ, მაგრამ ახლა ვიგრძენი, რომ საჯაროდ უნდა გამოვჩენილიყავი იმ ბავშებისთვის, რომლებიც მოდის სამყაროში ყოფნაზე ოცნებობენ, თუმცა ამის მშობლებისთვის თქმის ეშინიათ. ყველა იმ ბავშვისთვის, ვისაც არ აქვს საშუალება გადაიხადოს 50 000-იდან 100 000-მდე მდიდრულ მოდის შემსწავლელ სკოლებში. მათთვის, ვისაც დღიური სამსახურები სჭირდებათ, რათა გადაიხადონ გადასახადები, ამის პარალელურად კი, ღამ-ღამობით მოდის შესახებ სწავლობენ. მათთვის, ვინც არაპრივილეგირებული ოჯახებიდან არიან და ფიქრობენ, რომ ვერასდროს გახდებიან მოდის სამყაროს წევრები. ეს ჩემი ამბავია. მე დევნილი ვარ. ჩემმა ოჯახმა ომის დროს ყველაფერი დაკარგა, რაც გააჩნდა. არც ერთმა არ ვიცოდით უცხო ენა, როდესაც ევროპაში გავიქეცით. დევნილთა ბანაკებში ვცხოვრობდით. მოდის სკოლაში შესვლა ჩემთვის არჩევანი არ იყო, რადგან ამას მშობლები არასდროს დათანხმდებობდნენ, ჩემი ძმა მათთვის უკვე დაკარგულად განიხილებოდა და მე ვიყავი ერთადერთი იმედი, ვისაც ოჯახის გამოკვება შეეძლო.

მე მინდა მივმართო ყველას, ვინც ამას კითხულობს - ზემოთ თქმულიდან არაფერს შეუძლია განსაზღვროს, ან ლიმიტი დაუწესოს ადამიანის პოტენციალს. მნიშვნელოვანია, გყავდეთ ადამიანები, რომლებსაც თქვენი სჯერათ, მაგრამ ეს არაფერია, თუ თქვენ თავად არ გჯერათ საკუთარი თავის. შენი წარსული არ არის ის, რაც შენ ხარ. საიდანაც მოდიხარ, ის არ არის საბოლოო დანიშნულების წერტილი, ეს მხოლოდ დასაწყისია" , - წერს გვასალია.

კომენტარები