LGBTQ+ უფლებები

CJEU: ერთი და იმავე სქესის წყვილების მშობლობის უფლება EU-ს ტერიტორიაზე აღიარებული უნდა იყოს

მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს (CJEU) გადაწყვეტილებით ერთი და იმავე სქესის წყვილების მშობლობის უფლება და მათი ოჯახები ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე აღიარებული უნდა იყოს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ერთი ქვეყანა აღიარებს მშობელსა და ბავშვს შორის ნათესაურ კავშირს, მაშინ ევროკავშირის ყველა ქვეყანამ იგივე უნდა გააკეთოს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ბავშვის თავისუფალი გადაადგილების უფლება.

სასამართლოს გადაწყვეიტლება დაკავშირებულია შემთხვევასთან, როდესაც ბულგარეთმა უარი თქვა ერთი და იმავე სქესის წყვილის ახალშობილისთვის მოქალაქეობა მიეცა. ბულგარული მხარის მიხედვით, არ შეიძლება რომ ბავშვს ორი დედა ჰყავდეს.

ბულგარეთის მოქალაქე კალინა ივანოვას* და გიბრალტარში დაბადებულ დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ჯეინ ჯონს* ქალიშვილი 2019 წელს ესპანეთში შეეძინათ. იქიდან გამომდინარე რომ არც ერთი მშობელი ესპანეთის მოქალაქე არ არის, ბავშვს ესპანეთის მოქალაქე ვერ იქნება. ასევე ბრიტანეთის კანონმდებლობით, იმის გამო რომ ბავშვი გიბრალტარში დაიბადა ის ვერც დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობას მიიღებს. შესაბამისად, ივანოვამ შვილისთვის ბულგარეთის მოქალაქეობა მოითხოვა, თუმცა მისი მოთხოვნა უარყოფილი იყო. ბულგარეთში ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინება ლეგალიზებული არ არის. 

შედეგად წყვილის შვილი მოქალაქეობის არ ქონის რისკის წინაშე აღმოჩნდა, რაც მის ოჯახს ესპანეთის დატოვების საშუალებას არ აძლევს, გარდა ამისა პირადი დოკუმენტაციის არ არსებობის გამო შეზღუდულია ბავშვის წვდომა სოციალურ პროგრამებზე, ჯანდაცვის მომსახურებასა და განათლებაზე.

მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით ბავშვს ბულგარეთის პასპორტი უნდა მიენიჭოს. სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

"ამ გადაწყვეტილებამ ნათელი მოჰფინა, რომ მშობლობა, რომელიც აღიარებულია ევროკავშირის ერთ წევრ სახელმწიფოში არ შეიძლება "ეროვნული იდენტობის" დაცვის არგუმენტით უარყოფილი იყოს მეორე სახელმწიფოში" - თქვა არასამთავრობო ორგანიზაცია ILGA-Europe-ის წარმომადგენელის აპრი ავეტისიანმა.

*სახელები შეცვლილია

კომენტარები