დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

კუბილიუსი: მზად ვართ დავნებდეთ კრემლის მუქარას საქართველო-უკრაინის წინააღმდეგ?

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოვიდა. მან ისაუბრა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიმართ დაშოშმინების პოლიტიკის პრობლემაზე. ანდრიუს კუბილიუსმა პარალელი გაავლო ნაცისტური გერმანიის რაიხკანცლერის, ადოლფ ჰიტლერის მიმართ ევროპის დაშოშმინების პოლიტიკაზე.

"პუტინი, ვინც 2008 წელს საქართველოს და 2014-ში უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, ახლა ითხოვს, რომ ამ ქვეყნებმა საკუთარ უსაფრთხოებაზე არ იზრუნონ და დასავლეთმა მათ თავი უნდა დაანებოს. 

და აი, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა, არა ქართველებისა და უკრაინელებისთვის – ვართ მზად დავნებდეთ კრემლის დაუნდობელ მუქარასა და შანტაჟს უკრაინისა და საქართველოს მიმართებაში? მზად ვართ გადავდგათ ახალი დიდი ნაბიჯი პუტინის დაშოშმინების სტრატეგიაში? ვიცით, ჰიტლერის დაშოშმინებამ არა მხოლოდ ევროპა, არამედ მთელი მსოფლიო სად მიიყვანა. ჰიტლერის დაშოშმინებამ კულმინაციას მიაღწია, როდესაც მან დაიწყო დასავლეთის შანტაჟი ჩეხოსლოვაკიის მომავალზე და დასავლეთი დანებდა. ახლა პუტინი დასავლეთს უკრაინის მომავალზე აშანტაჟებს", – თქვა კუბილიუსმა.

კუბილიუსის თქმით, თუ დასავლეთი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიმართ არ იმოქმედებს, ეს იქნება ამ ქვეყნების მომავლის პუტინისთვის შეწირვა.

"მზად ვართ რომ კიდევ დავნებდეთ? თუ არა – არ კმარა მხოლოდ იმის თქმა, რომ NATO და ევროკავშირი კრემლის მოთხოვნებს არ მოუსმენენ. დროა წავიდეთ წინ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის რეალური ევროინტეგრაციისკენ, რაც უნდა დავიწყოთ ხვალინდელი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე და უნდა წავიწიოთ წინ NATO-ს სამოქმედო გეგმის საკითხზე. რადგან, თუ ეს არ მოხდება, ცხადი გახდება, რომ ამ ქვეყნების მომავალი, რეალურად, პუტინის დაშოშმინებისთვის იქნება შეწირული", – თქვა ევროპარლამენტარმა.

ევროპარლამენტარმა ასევე ახსენა, რომ თუ ახლა ევროპა პუტინის მიმართ დათმობაზე წავა და დაშოშმინების პოლიტიკას გააგრძელებს, დასავლეთი პასუხისმგებელი იქნება ფაშიზმის გაცოცხლებასა და მომავალ ტრაგედიებზე.

"დაშოშმინებისთვის, NATO-მ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე, გადაწყდა, რომ არ მოეწვიათ საქართველო და უკრაინა. ამის გამო, პუტინმა გადაწყვიტა დაეწყო ომი საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ. ახლა ვხედავთ, რომ ამ დაშოშმინების გაგრძელებას მოაქვს ახალი საფრთხეები და შანტაჟი. თუ ახლა დავნებდებით, ჩვენ ვიქნებით პასუხისმგებელი 21-ე საუკუნეში რეალური აგრესიული ფაშიზმის გაცოცხლებასა და ევროპის კონტინენტზე მომავალ ტრაგედიებზე. დიდება უკრაინას", – დაასრულა სიტყვა კუბილიუსმა.

დღეს, 15 დეკემბერს გაიმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამიტი. 

კუბილიუსი სიტყვით უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობის ფონზე გამოვიდა.

კომენტარები