ახალი კალედონია

ახალ კალედონიაში დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმი ტარდება

AFP

12 დეკემბერს საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიაში, ახალ კალედონიაში დამოუკიდებლობის საკითხზე მესამე რეფერენდუმი ტარდება. წინა ორი რეფერენდუმი 2018 და 2020 წელს ჩატარდა. 2018-ში მოსახლეობის 57%, ხოლო 2020-ში 53%-მა მხარი საფრანგეთის ტერიტორიად დარჩენას დაუჭირა.

ახალ კალედონიაში საფრანგეთის საელჩოს ინფორომაციით, ადგილობრივი დროით 17:00 საათისთვის რეფერენდუმში მონაწილეთა აქტივობა 41% იყო. 2020 წელს იგივე მაჩვენებელი 80% იყო.

დამოუკიდებლობის მომხრეების დიდი ნაწილი რეფერენდუმს ბოიკოტს უცხადებს. ისინი რეფერენდუმის სექტემბრამდე გადადებას ითხოვდნენ, რადგანაც მიაჩნიათ, რომ კორონავირუსის გავრცელების ფონზე სამართლიანი კამპანიის ჩატარება შეუძლებელია. პანდემიის პირველი ტალღის დროს ახალ კალედონიაში კორონავირუსს დიდი მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დელტა ვარიანტის გავრცელების შემდეგ რეგიონში Covid-19-ით 300 ადამიანი გარდაიცვალა. საფრანგეთის ხელისუფლებამ რეფერენდუმის გადადების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და აღნიშნა, რომ ინფიცირების მაჩვენებელი 100 000 ადამიანს 80 შემთხვევამდე შემცირდა.

ზღვისიქითა ტერიტორიების მინისტრის სებასტიან ლეკორნის თქმით, ხმის მიცემაზე უარის თქმა დემოკრატიული უფლებაა და ბოიკოტს რეფერენდუმის შედეგების ლეგიტიმურობაზე გავლენა არ ექნება.

საფრანგეთის ტერიტორიად დარჩენის მომხრეები მხარდამჭერებს რეფერენდუმში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.

2021 წლის ივნისში სხვადასხვა პოლიტიკური პარტია შეთანხმდა, რომ როგორიც არ უნდა ყოფილიყო რეფერენდუმის შედეგები სტაბილურობის პერიოდის დასაწყისი იქნება. 2023 წლის ივნისში კი რეფერენდუმი ჩატარდება საკითხზე, როგორ სურს ახალი კალედონიის მოსახლეობას რეგიონის განვითარება.

თუმცა დაძაბულობა გაამწვავა დამოუკიდებლობის მხარდამჭერი, მკვიდრი მოსახლეობის მოძრაობამ FLNKS-ის შეფასებამ, რომ რეფერენდუმის გადადებაზე უარის თქმა "ომის გამოცხადება" იყო.

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი რეფერენდუმის რომელიმე მხარეს არ იხრება და მხოლოდ რეფერენდუმის ჩატარების სამართლიან და მშვიდ გარემოს უზრუნველყოფს.

1980-იან წლებში დამოუკიდებლობის მხარდამჭერებსა და საფრანგეთის ტერიტორიად დარჩენის მსურველებს შორის დაპირისპირების დაწყების შემდეგ ახალმა კალედონიამ დამოუკიდებლობის საკითხზე სამი რეფერენდუმის ჩატარების გარანტია 1988 წელს გაფორმებული შეთანხმებით მიიღო. შეთანხმების მიზანი კუნძულებზე დაძაბულობის შემცირება იყო.

კომენტარები