NATO-რუსეთი

დროა: ვგმობთ რუსეთის განცხადებას – კიდევ ერთი შემაშფოთებელი რევიზიონისტული ნაბიჯია

Droa • დროა / Facebook

პარტია დროა გმობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს (МИД) მოთხოვნას, გააუქმონ 2008 წლის NATO-ს ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

"ეს წარმოადგენს კიდევ ერთ შემაშფოთებელ რევიზიონისტულ ნაბიჯს რუსეთის მხრიდან, რომელიც აჩვენებს თავის ჭეშმარიტ მოტივებს ნებისმიერი სახის "დიალოგში" დასავლეთთან. პარტია დროა ვგმობთ რუსეთის ამ ნაბიჯს და მტკიცედ გვჯერა, რომ ზუსტად ახლა არის შესაფერისი დრო, რომ თავისუფალმა სამყარომ დაიცვას თავისუფლება და დემოკრატია და დაუყოვნებლივ შესთავაზოს საქართველოსა და უკრაინას წევრობის სამოქმედო გეგმები. დასაკარგი დრო არ არის". – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

რუსეთის მოთხოვნას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც. უწყება განცხადებას "მიუღებლად" მიიჩნევს. მინისტრ დავით ზალკალიანის თქმით, მკაფიო პოზიციაა, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება არ გადაიხედება.

რუსეთი აშშ-სა და NATO-ს სხვა წევრებისგან ასევე მოითხოვს იურიდიულ შეთანხმებას, რომ მის მეზობელ ქვეყნებში არ განლაგდება საიერიშო დანადგარები, რომლებიც მათ საფრთხეს შეუქმნის. ეს მოთხოვნა ვრცელდება როგორც ალიანსის არაწევრს, ისე წევრ ქვეყნებზე. 

ამას გარდა, რუსეთი ითხოვს ალიანსის შეხების ხაზიდან ოპერატიული სწავლების რაიონების გაყვანას, საბრძოლო ხომალდებისა და თვითმფრინავების მოახლოების მანძილის შეთანხმებას, განსაკუთრებით ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონებში, ასევე NATO-რუსეთისა და NATO-აშშ-ს თავდაცვის უწყებებს შორის რეგულარული დიალოგის განახლებას.

რამდენიმე დღის წინ, 8 დეკემბერს გაიმართა ვიდეოშეხვედრა აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის. მათი განხილვის მთავარი საგანი უკრაინის საკითხი იყო. როგორც შეხვედრის შემდეგ ბაიდენის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, აშშ-ს პრეზიდენტი არც ერთ დათმობაზე არ წასულა.

NATO-სა და რუსეთის ფედერაციას შორის 2021 წელს სიტუაცია განსაკუთრებით დაიძაბა, მას შემდეგ, რაც მათი დიპლომატიური ურთიერთობა უკიდურესად გაუარესდა. რთული ვითარების კიდევ უფრო გამძაფრება გამოიწვია უკრაინის საზღვრებთან არსებულმა დაძაბულობამ.

კომენტარები