თბილისის მერია

"ერთად ჩავიფიქროთ სურვილები" – კახა კალაძე 10 დეკემბერს ნაძვის ხეს აანთებს

კახა კალაძე

"ერთად ჩავიფიქროთ სურვილები, ავათოთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე". – დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ქვეყნის მთავარ ნაძვის ხეს ხვალ, 10დეკემბერს საზეიმოდ აანთებს. ღონისძიება 8 საათზე გაიმართება. ამის შესახებ თბილისის მერმა მთავროიბის სხდომაზე ისაუბრა.

"ახალი წელი მოდის. დგება დრო, რომელსაც დიდიც და პატარაც მოუთმენლად ელოდება. დრო, როცა ჩავიფიქრებთ და ვუსურვებთ ერთმანეთს კეთილ სურვილებს და ყვეალფერს საუკეთესოს, იმედით და სიხარულით სავსე დრო, რომლის მთავარი სიმბოლო არის ნაძვის ხე.

ტრადიციად გვექცა მთავარი ნაძვის ხის საზეიმოდ ანთება, ხვალ საღამოს 8 საათზე გავაკეთებთ ნაძვის ხის ანთების ღონისძიებას და მთლიანად ქალაქი გავანათოთ საახალწლო ილუმინაციებით. მინდა დავპატიჟო მოსახლეობა". – ამბობს კახა კალაძე.

ქალაქ თბილისის მერია ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ასიათასობით ლარს ხარჯავს ქუჩების საახალწლოდ მორთვასა და გაფორმებაში. არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, 2021 წელს დედაქალაქის მერია დამატებით 207 000 ლარის დახარჯვას გეგმავს. 36 000 ლარი საახალწლო ნათურებსა და აქსესუარებზეა გამოყოფილი, 107 000 ლარი კი – დეკორატიულ მატარებელზე.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერია 2019 წელს შეძენილი ნაძვის ხის ტოტების განახლებასაც გეგმავს, რომელშიც მილიონი ლარია დახარჯული და ის მაინც ყოველწლიურ განახლებას საჭიროებს. ორგანიზაციის ცნობით, ნაძვის ხისთვის 160 ტოტის დამატება და ახალი სათამაშოებით მორთვა იგეგმება, შესყიდვის ჯამური ღირებულება 64 000 ლარს შეადგენს. 

მილიონ ლარად შეძენილი ნაძვის ხე 2019 წელს ყველაზე ძვირადღირებული საახალწლო შენაძენი იყო, რომლის განახლებასა და ტოტების დამატებაში, ახალი შესყიდვის გათვალისწინებით, ჯამში დაახლოებით 160 000 ლარი იქნება დახარჯული.

2020 წელს თბილისის მერიის კომპანიამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დახარჯა საახალწლო განათებებსა და ქუჩების გაფორმების სამუშაოებზე. ხოლო 2019 წელს საახალწლოდ თბილისის ქუჩების გაფორმება და საშობაო ნაძვის ხის შეძენა თბილისის მერიას 3 მილიონი ლარი დაუჯდა.

კომენტარები