მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პროტესტს წყვეტს და მკურნალობას აგრძელებს

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროტესტს წყვეტს და მკურნალობას აგრძელებს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა თქვა. 

როგორც მან აღნიშნა "პენიტენციურმა სამსახურმა უკან დაიხია" და სააკაშვილს ტელევიზორით სარგებლობის უფლება მიეცა. 

"პენიტენციურმა სამსახურმა უკან დაიხია, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა დააფიქსირა ძალიან მძაფრი პროტესტი. პროტესტის ეს ფორმა გაჟღერებული იყო იმის გამო, რომ მისთვის შეზღუდვები ამოქმედდა, მას შემდეგ, რაც ეს შეზღუდვები ფაქტობრივად გაუქმდა და უკან დაიხია პენიტენციურმა სამსახურმა, ბუნებრივია, ეს პროტესტის ფორმა არის ამოწურული".- ამბობს საძაგლიშვილი. 

მიხეილ სააკაშვილის წერილი მკურნალობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გუშინ, 7 დეკემბერს გავრცელდა სადაც ვკითხულობთ, რომ ექსპრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ის წყვეტს ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას, სანამ არ შესრულდება სახელმწიფო ინსპექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და პენიტენციური სამსახურის მიერ მისთვის დაწესებული დისციპლინური ზომები არ გაუქმდება.

სააკაშვილმა დაწერა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილების გამო, რომელმაც იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურს ჯარიმა დააკისრა სააკაშვილის კადრების გავრცელების გამო, მას შეხვედრები შეუზღუდეს და ტელევიზორი ჩამოართვეს.

ამის შემდეგ პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც სააკაშვილი ცრუ ბრალდებებში დაადანაშაულა. უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ექსპრეზიდენტთან დაწესებულების უფლებამოსილი პირების ვიზიტი მისთვის უფლებამოვალეობების ოქმის გაცნობის მიზნით მოხდა, რაზეც სააკაშვილმა უარი განაცხადა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების მოსამსახურეებს.


სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების საქმეზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ჯარიმა დაეკისრათ. საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილის პირადი სამედიცინო ინფორმაციისა და რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრების გასაჯაროებას. იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციურ სამსახურს დაევალათ სოციალური ქსელ Facebook-ის, ასევე, ოფიციალური ვებგვერდებიდან მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერებისა და აუდიო-ვიდეო ჩანაწერის წაშლა.

20 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო კლინიკაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. ექსპრეზიდენტი 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მოგვიანებით გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

კომენტარები