თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი

რას ვუყუროთ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე – რეკომენდაციები

Befunky

კინოთეატრ ამირანში, ერთწლიანი პაუზის შემდეგ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი დაბრუნდა. 

რიგით 22-ე კინოზეიმის პროგრამაში 60-ზე მეტი ქართული და უცხოური ნამუშევარი მოხვდა. ტრადიციულად ფესტივალი რამდენიმე კატეგორიად არის დაყოფილი. თითოეულ კატეგორიაში არაერთი ფილმია, რომლის დიდ ეკრანზე ნახვას გირჩევთ.

ქართული კინო

კორონავირუსის პანდემიის ფონზე სხვა სფეროების მსგავსად კინოინდუსტრიასაც რთული ორი წელი ჰქონდა. არაერთი ქართული პროექტის გადაღებები ეპიდემიის გამო გადაიდო და დროში გაიწელა. უსიამოვნო შეფერხების ერთადერთ პლუსად შეგვიძლია ქართული ფილმების სიუხვე ჩავთვალოთ, რომლითაც წლევანდელი კინოფესტივალი გაგვანებივრებს – 9 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 9 დოკუმენტური და 18 მოკლემეტრაჟიანი ფილმი.

სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები 

რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ? – თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფილმი ქართული კინოს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. ალექსანდრე კობერიძემ აბსოლუტურად ავთენტიკური ქართული სურათ გადაიღო, რომელიც ამავდროულად დიდი ევროპული კინოსკოლის ტრადიციების გამგრძელებელია. თითოეული კადრიდან კი სიყვარული იღვრება, რომელიც ასე აკლდა ახალ ქართულ კინოს.

მეოთხე ბრაიტონი – თანამედროვე ქართული კინოს ერთ ერთი ყველაზე საინტერესო რეჟისორის, ქუჩის დღეებისა და შემთხვევითი პაემნების ავტორის, ლევან კოღუაშვილის ახალი დრამა. ქართველი მამისა და შვილის ურთიერთობის ისტორიაა, რომლის მოქმედება ნიუ-იორკში ვითარდება. მეოთხე ბრაიტონი საქართველოს სახელით ოსკარის ნომინაციისთვის იბრძვის.

სხვა საინტერესო ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმები: ელენე ნავერიანის სველი ქვიშა, სოსო ბლიაძის ოთარის სიკვდილი და დეა კულუმბეგაშვილის დასაწყისი.

დოკუმენტური ფილმები

მოთვინიერება – Cinema Du Reel-ის გამარჯვებული და სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალის ნომინანტი მოთვინიერება საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის უცნაურ ჰობიზე, ხეების შეგროვებაზე მოგვითხრობს. უნიკალური ესთეტიკის მქონე, თამამი და დახვეწილი ნამუშევრით სალომე ჯაშმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ თანამედროვე ქართული კინოს უდიდესი დოკუმენტალისტია.

მკვდარი სულების არდადეგები – 90-იანელებისადმი, ე.წ. დაკარგული თაობისადმი მიძღვნილი კეკო ჭელიძის როკ ბალადა. ისტორია ქართული ანდერგრაუნდ მუსიკის ლეგენდისა, რომელიც დღეს გარეუბანში, დედასთან ერთად 14 კვადრატ მეტრზე ცხოვრობს, ვერ შოულობს სამსახურს და არც არავის ახსოვს. 

სხვა საინტერესო ქართული დოკუმენტური ფილმები: მარადია ცაავას წყალს საზღვრები არ აქვს, თათია სხრიტლაძის დიდება დედოფალს.

მოკლემეტრაჟიანი ფილმები

პაპანაქება – სათაური ძალიან კარგად შეესაბამება იმ ამინდს, რომელიც ფილმშია გადმოცემული, ამინდს არა როგორც ატმოსფეროს მდგომარეობას, არამედ ერთ ოჯახში, წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ურთიერთობების ერთობლიობას. ოთხი მთავარი პერსონაჟის წარმოჩენა მცირე დროში რთული ამოცანაა, რომელსაც თორნიკე გოგრიჭიანმა შესანიშნავად გაართვა თავი.

გუშაგები – სანდრო სულაძის ტომ სოიერისეული ატმოსფერო გვაბრუნებს ბავშვობაში, დროში, როდესაც ტყეში ალქაჯები და კუდიანები ცხოვრობდნენ, როდესაც თითოეული დღე თავგადასავალია. გუშაგები იმასაც გვახსენებს, რომ ეს დრო მყიფე და წარმავალია, მთავარი გმირები კი შესაძლოა ერთ ღამეში გაიზარდონ და დაემშვიდობონ იმ ჯადოსნურ სამყაროს, რომელშიც აქამდე ცხოვრობდნენ.

სხვა საინტერესო ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმები: სალომე ლაცაბიძის აუზი, ლუკა ბერაძის ბოდიში დაგვიანებისთვის, გურამ ბაქრაძის სასტუმრო მირაჟი.

ევროპული ფორუმი

თბილისის კინოფესტივალის ტრადიციულ და ერთ ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კატეგორიაში წელს 13 ფილმია წარმოდგენილი. სამ მათგანზე გავამახვილებთ ყურადღებას.

The Worst Person in the World/ყველაზე ცუდი ადამიანი დედამიწის ზურგზე

იოაკიმ ტრიერის ახალი ნამუშევარი. გამეორებისა და ოსლო, 31 აგვისტოს იდეური გაგრძელება, ე.წ. ოსლოს ტრილოგიის დასკვნითი ნაწილი. სევდიანი რომანტიკული კომედია მიწიერ პრობლემებზე, რომელშიც რეჟისორი საკუთარ ხელწერას არ ღალატობს, აქაც მისი მელანქოლიური გმირები ეგზისტენციური კრიზისის ფონზე, საკუთარი წილი სიყვარულისა და ბედნიერების ძიებაში არიან. შესრულებული როლისთვის, მსახიობმა რენატა რეინსივმა 2021 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდო მიიღო.


America Latina/ლათინური ამერიკა

თბილისის კინოფესტივალი უკვე მესამედ მასპინძლობს იტალიელი ძმების, დამიანო და ფაბიო დინოჩენცოების ფილმს. 2019 წელს სადებიუტო ნამუშევარი ბიჭები ტირიან თბილისელმა მაყურებელმა თბილად მიიღო. მომდევნო ფილმი ცუდი ისტორიები ქართველმა კინოჟურნალისტებმა შარშანდელი ფესტივალის ერთ ერთი საუკეთესო ფილმად დაასახელეს. ახალგაზრდა რეჟისორები ტრიუმფალურ სვლას აგრძელებენ, კარიერაში პირველად მათი ახალი ნამუშევრის, ლათინური ამერიკის პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე შედგა.

Bad Luck Banging, or Looney Porn/უიღბლო ჟიმაობა, ანუ გადარეული პორნო

რუმინული შავი კომედია, რომელმაც წლევანდელი ბერლინის კინოფესტივალზე მთავარი ჯილდო მოიპოვა. რეჟისორი რადუ ჯადე საკუთარი ქვეყნის პრობლემებზე სასაუბროდ აპრობირებულ თხრობის სტილს - სატირას, ოსტატურად იყენებს. ფილმი-ანეკდოტი, რომელიც ქილიკობს მთავრობაზე, ეკლესიაზე, განათლების სისტემაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, პანდემიაზეც კი. სამწუხაროდ ქართველი მაყურებელი საქართველოსა და ევროპის ნაკლებად განვითარებულ სახელმწიფოს შორის მეტ მსგავსებას, ვიდრე განსხვავებას დაინახავს. 

სხვა საინტერესო ფილმები კატეგორიაში ევროპული ფორუმი: პოლ ვერჰუვენის ბენედეტა, მია ჰანსენ-ლავის ბერგმანის კუნძული, ნანი მორეტის სამი სართული.

ამერიკები

კიდევ ერთი ტრადიციული კატეგორია, რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში მოღვაწე კინოხელოვნების შემოქმედებას ეძღვნება.

Memoria/მეხსიერება

2010 წლის კანის კინოფესტივალის გამარჯვებულის, აპიჩატპონგ ვირასეტაკულის პირველი ფილმი, რომელიც ტაილანდს გარეთ არის გადაღებული. არატრადიციული თხრობის მოყვარულმა რეჟისორის ახალ ნამუშევარში, მთავარ როლს ტილდა სუინტონი ასრულებს. ავტორი კვლავ გვამოგზაურებს სამყაროში, რომელშიც ადამიანები, ბუნება და მოჩვენებები ჰარმონიულად თანაცხოვრობენ, სადაც წაშლილია ზღვარი რეალურსა და წარმოსახვითს შორის. 

სხვა საინტერესო ფილმები კატეგორიაში ამერიკები: ივან გრბოვიჩის მთვრალი ჩიტები, ნატალი ალვარეს მესენის კლარა სოლა.

ჰორიზონტები

A Hero/გმირი

წლევანდელი კანის საერთაშორისო ფესტივალის გრანპრის მფლობელი ირანული ფილმი, ასგარ ფარადის მეცხრე სრულმეტრაჟიანი ნამუშევარი. 2018 წელს ესპანური სურათის გადაღების შემდეგ რეჟისორი კვლავ სამშობლოს მიუბრუნდა. ახალი ფილმის მთავარი გმირი ვალის გადაუხდელობისთვის გასამართლებული რაჰიმია, რომელიც ციხიდან პრობლემების მოსაგვარებლად ორი დღით გამოდის. გმირი ირანის სახელით ოსკარის ნომინაციისთვის იბრძვის.

სხვა საინტერესო ფილმები კატეგორიაში ჰორიზონტები: ნადავ ლაპიდის აჰედის მუხლი, რიუსუკე ჰამაგუჩის ჩემი მანქანა, ელი დაგერის ზღვის პირისპირ.

რეტროსპექტივა

ყოველწლიურად თბილისის კინოფესტივალის მაყურებელს ახალ ფილმებთან ერთად, ძველი, კლასიკად ქცეული მნიშვნელოვანი ნამუშევრების დიდ ეკრანზე ნახვის საშუალებასაც აძლევს. წლევანდელი რეტროსპექტივის ფოკუსში უდიდესი ფრანგი ავტორის, ახალი ტალღის მნიშვნელოვან წარმომადგენლის, ანიეს ვარდას შემოქმედება მოხვდება, ჩვენებებს კინოთეატრი ამირანი უმასპინძლებს. ასევე ფესტივალის ფარგლებში, ეროვნული კინოარქივის შენობაში ნაჩვენები იქნება 20-იანი წლების ქართული ფილმების რესტავრირებული ვერსიები.

კინოფესტივალის სრულ პროგრამას გაეცანით ამ ბმულზე.

კომენტარები