მიხეილ სააკაშვილი

მეუფე ნიკოლოზი: სააკაშვილის 7-ჯერ ვაცხე ზეთი, ამ დროს დავიწყებული ცოდვებიც მიეტევებაო

ახალქალაქის, კუმორდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. მიტროპოლიტის თქმით, მან მიხეილ სააკაშვილის თხოვნით, 7-ჯერ ზეთის ცხების საიდუმლოება შეასრულა

"დღეს გორში ჩამოვედი წინასწარი შეთანხმების საფუძველზე. მისი თხოვნა იყო, მე მას შევუსრულე საიდუმლოება. ახალი აღთქმის შვიდი საიდუმლოება არსებობს და მე-6 საიდუმლოება, რომელიც მას არ ჰქონდა მიღებული, არის ზეთის კურთხევის საიდუმლო. ეს არის ლოცვები, რომლის წასაკითხადაც მე პირადად 2 საათი მჭირდება ხმამაღლა კითხვის პირობებში. 7-ჯერ ზეთის ცხება – ასე უფრო ცნობილია ხალხისთვის. ეს 7-ჯერ ზეთის ცხების საიდუმლოება შევუსრულე, რომლის დროსაც ადამიანის ფიზიკური განკურნებაც ხდება და კიდევ ამბობენ, რომ დავიწყებული ცოდვებიც მიეტევება ასეთ დროს ადამიანს". – თქვა მეუფე ნიკოლოზმა ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ.

მეუფე ნიკოლოზს ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს საპატრიარქოს კრიტიკის შესახებაც, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან მიტროპოლიტის წინა ვიზიტებს მოჰყვა.

"კრიტიკას ვუპასუხებ იმით, რომ მოვედი, ვაცხე ზეთი და კომენტარს არ ვაკეთებ". – თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

20 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო კლინიკაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. ექსპრეზიდენტი 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მოგვიანებით გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.

კომენტარები