კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ით ინფიცირებული ორსული ბათუმის კლინიკიდან თურქეთში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა

კორონავირუსით ინფიცირებული 25 წლის ქალი, რომელიც ბათუმში მკურნალობდა, თურქეთში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

როგორც ტაბულას ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორმა, სადაც ორსული ქალი თავდაპირველად მკურნალობდა, უთხრა, პაციენტი კლინიკაში 20 ნოემბერს შეიყვანეს, 24-ში კი ოჯახის თხოვნით, ის მკურნალობის გასაგრძელებლად თურქეთში გადაიყვანეს.

ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორის, ნუგზარ პაპავას თქმით, კლინიკაში ყოფნისას ორსულს ვირუსის მძიმე მიმდინარეობა არ აღენიშნებოდა.

გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 67 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა ინფიცირების 4 100 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 397 პაციენტი.

3 დეკემბრის დილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 857 933 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან 799 850 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 12 258 კი გარდაიცვალა.

კომენტარები