თბილისის მერია

კალაძემ ვიცემერად კვლავ ხმალაძე წარადგინა, მოადგილეებად – ელოშვილი, ბენდელიანი, ბასილაია

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიცემერი, მერის მოადგილეები და სამსახურების ხელმძღვანელები წარადგინა. კალაძის თქმით, ვიცემერი კვლავ ირაკლი ხმალაძე იქნება, მოადგილეები კი - ანდრია ბასილაია, ირაკლი ბენდელიანი და ილია ელოშვილი. 

სია დედაქალაქის საკრებულოს გადაეგზავნება, რომელმაც, კალაძის თქმით, კანდიდატები მომდევნო კვირაში უნდა დაამტკიცოს. 

"ბევრი შემიძლია ვისაუბრო ამ ადამიანების მიერ თბილისის განვითარებაში შეტანილ წვლილზე, შრომისუნარიანობაზე, თუმცა, ამაზე მათ მიერ გაკეთებული და გასაკეთებელი საქმეები უკეთ მეტყველებს. ამიტომ, დროს არ დავკარგავ. 

[...] ირაკლი ხმალაძემ უდიდესი წვლილი შეიტანა სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებაში და სხვა მსხვილი რეფორმების განხორციელებაში. ირაკლი ნამდვილად ძალიან ფასეული კადრია ჩვენთვის, რომელიც ყოველთვის ეძებს ჩვენი ქალაქის განვითარების ახალ სივრცეებს და ერთი შეხედვით გამოუვალ მდგომარეობაშიც კი ოპტიმალურ გამოსავალს პოულობს". - ამბობს კალაძე. 

კახა კალაძემ იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებზეც მისმა მოადგილეობის კანდიდატებმა - ილია ელოშვილმა, ირაკლი ბენდელიანმა და ანდრია ბასილაიამ იმუშავეს. 

"ილია ელოშვილს მინდა პირადად ჩემი, ჩვენი გუნდისა და თბილისელების სახელით უდიდესი მადლობა გადავუხადო იმ გაწეული შრომისთვის, რაც ბოლო წლების განმავლობაში გააკეთა. კონკრეტულად, მინდა გამოვყო დაუსრულებელი მშენებლობებისა და ამ მშენებლობებით დაზარალებული ადამიანების პრობლემის მოგვარება. ათი ათასობით ოჯახმა უკვე იცის, რომ მოდევნო წლების განმავლობაში ისინი მიიღებენ საცხოვრებელ ფართებს და, პირდაპირ ვიტყვი, არ მომერიდება, ილია ელოშვილის ძალიან დიდი დამსახურებაა, იმიტომ, რომ მისი უშუალო ჩართულობით მოწესრიგდა და მოგვარდა აღნიშნული პრობლემა. 

გასული 4 წლის განმავლობაში ირაკლი ბენდელიანმა ძალიან ნაყოფიერად იმუშავა და საკუთარი უდიდესი წვლილი შეიტანა ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტში, რომელმაც დედაქალაქის ყოველდღიური ცხოვრებიდან უამრავი ბარიერი გააქრო. ირაკლის და მისი გუნდის დიდი დამსახურებაა, რომ ყოველდღიურად ახლდება და სწრაფი ნაბიჯებით უახლოვდება თანამედროვე სტანდარტებს თბილისის ინფრასტრუქტურა. მადლობა ირაკლის თავდაუზოგავი შრომისთვის და წინასწარ შეგვიძლია შევპირდეთ, რომ მომავალი წლების განმავლობაში კიდევ უფრო მეტად იქნება დატვირთული და ძალიან ბევრი ექნება გასაკეთებელი ჩვენი ქალაქისთვის. 

ანდრია ბასილამ ჯერ ურბანული სამსახურის ხელმძღვანელობის, შემდეგ კი მერის მოადგილის პოზიციაზე მუშაობისას ყველას გვიჩვენა საკუთარი საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების მაგალითი და განსაკუთრებული როლი შეასრულა მერიის სოციალური განათლებისა და კულტურის პოლიტიკის სწორად წარმართვაში. ანდრიამ ნამდვილად დაიმსახურა ჩვენი გუნდის, პირადად ჩემი და იმ ადამიანების ნდობა, ვის საქმესაც ის ყოველდღიურად აკეთებს". - თქვა კალაძემ. 

კალაძის თქმით, მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალერი ჭიღლაძე იქნება, ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი - გიორგი აბუთიძე, ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის - ვახტანგ ლომჯარია, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის - გიგა გიგაშვილი, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდული საქმეთა სამსახურის - ირაკლი გვილავა, იურიდიული საქალაქო სამსახურს - სერგო ბირკაძე, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის - გელა ჩივიაშვილი, მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის - გიორგი პაპავა, საფინანსო საქალქო სამსახურის კვლავ გაიოზ თალაკვაძე, უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის  - ნიკოლოზ ჭონქაძე, მუნიციპალური ინსპექციის საქალაქო სამსახურის - კახა გულედანი. 

კალაძის თქმით, თბილისის ურბანულ და სატრანსპორტო პოლიტიკას კვლავ ვიქტორ წილოსანი წარმართავს, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ლევან ჯღარკავა იქნება, ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კვლავ ირაკლი თავართქილაძე, არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი - თეიმურაზ ბოლოთაშვილი. 

"ჩემ მიერ წარდგენილი ყველა კანდიდატი საკუთარი საქმის გამორჩეული მცოდნე და საქმის ერთგული ადამიანია. მათ ზუსტად იციან, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს აღნიშნული სტრუქტურების გამართულ მუშაობას თბილისელების ყოველდღიური კომფორტის უზრუნველსაყოფად. მათ ისიც კარგად იციან, რომ მიუხედავად ჩემი პირადი ადამიანური ურთიერთობისა, ძალიან მკაცრად მოეთხოვებათ პასუხი ყველა იმ მიმართულებაზე, რომელსაც უხელმძღვანელებენ. ჩვენ დასაკარგი დრო ნამდვილად არა გვაქვს, ქალაქში ძალიან ბევრია გასაკეთებელი". - ამბობს კალაძე. 

კომენტარები