მიხეილ სააკაშვილი

თალაკვაძე: დადასტურდა, ენმ-სა და სააკაშვილს პროცესზე მონაწილეობა პროვოკაციისთვის სურდათ

ტაბულა

"დადასტურდა ის, რასაც ვამბობდით, რომ რეალურად, მიხეილ სააკაშვილსა და ნაციონალურ მოძრაობას სასამართლო სხდომაში მონაწილეობა სჭირდებოდათ დესტაბილიზაციისა და პროვოკაციული ფონის შესაქმნელად". - ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა არჩილ თალაკვაძემ თქვა. 

მისივე შეფასებით, სააკაშვილი არათანმიმდევრულ განცხადებებს აკეთებს.

"სააკაშვილი ამბობდა, რომ სურდა, სასამართლო პროცესში მონაწილეობა და დღეს თქვა, რომ ქართულ მართლმსაჯულებას არ აღიარებს, რაც არათანმიმდევრულია და ურთიერთგამომრიცხავია. ნაციონალური მოძრაობა ამბობდა, რომ სასამართლო სხდომის დროს არანაირ პროვოკაციას არ მიმართავდნენ, თუმცა დღეს ვნახეთ, რომ მაღალი ალბათობით, ისინი როგორ არიგებდნენ თანხას მომიტინგეების მოსაყვანად. ასევე საზოგადოებამ იხილა, რომ ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი მანიფესტაციის შესახებ კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევებს, როცა მოხდა ქუჩებში ხელოვნურად დაბლოკვა. ეს მაშინ, როცა პანდემიის პირობებში მოქალაქეებს დახმარება სჭირდებათ და გადაადგილება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. მთავრობას აქვს სრული მხარდაჭერა, რომ ნებისმიერი კანონდარღვევა აღკვეთოს პროპორციულად და შეინარჩუნოს საზოგადოებრივი წესრიგი. რაც შეეხება თავად შოუს, რისი მოწყობაც სურდა თავად სააკაშვილს, ეს არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია ის ინიციატივები, რაც პრემიერმა დაანონსა". - ამბობს თალაკვაძე. 

დღეს, 29 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, რომელსაც თავად ექსპრეზიდენტიც ესწრებოდა. 

პროცესის პარალელურად, სასამართლოსთან დაძაბულობა იყო. შსს-მ შეკრებილი მოქალაქეებიდან 15 პირი დააკავა. უწყების განცხადებით, აქცია გადასცდა მშვიდობიანი შეკრების ნორმებს, რის შედეგადაც პოლიციამ გამოიყენა პროპორციული ძალა.

შსს-მ სასამართლოსთან აქციაზე, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენა.

შსს-მ აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან მოხდა აღმაშენებლის ხეივანის და გზის სავალი ნაწილი უკანონოდ გადაკეტვა, რის შემდეგაც პოლიციამ დააკავა 15 ადამიანი.

კომენტარები