მალკოლმ იქსი

მალკოლმ იქსის მკვლელობაში ბრალდებული ორი პირი, 55 წლის შემდეგ უდანაშაულოდ ცნეს

NYT

მაკლოლმ იქსის მკვლელობაში ბრალდებული ორი პირი, მუჰამედ აზიზი და ჰალილ ისლამი, 55 წლის შემდეგ ნიუ-იორკის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

ამერიკელი მუსლიმი მოძღვარი და შავკანიანთა უფლებებისთვის მებრძოლი მალკოლმ იქსი(ნამდვილი სახელი მალკოლმ ლითლი) 1965 წელს მოკლეს. იქსი აუდობონის თეატრის სცენაზე შეხვედრას მართავდა, როდესაც ოთხასკაციანი აუდიტორიიდან სამმა ადამიანმა აქტივისტს ცეცხლი გაუხსნა. მოძღვარი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ექიმებმა გარდაცვლილის სხეულიდან 21 ტყვია და საფანტის 10 ნამსხვრევი ამოიღეს.

თეატრში შეკრებილებმა ადგილზე დააკავეს ტომას ჰეგანი. პოლიციამ მოგვიანებით მუჰამედ აზიზი და ჰალილ ისლამი დააპატიმრა. სამივე მათგანი ორგანიზაცია Nation of Islam-ის წევრი იყო, რომლის რიგები მალკოლმ იქსმა ერთი წლით ადრე დატოვა.

ჰეგანისგან განსხვავებით აზიზსა და ისლამს დანაშაული არ უღიარებიათ. სასამართლომ სამივე ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა მოგვიანებით, თითოეულ მათგან ამნისტია შეეხო. 1985 წელს აზიზი შეიწყალეს, ხოლო 1987 წელს, ციხიდან გამოვიდა ისლამი. ჰეგანი მოგვიანებით, 2010 წელს გაათავისუფლეს. ამნისტიის მიუხედავად არც ერთ მათგანს არ მოხსნიათ ნასამართლეობა და ისინი დღემდე მალკოლმ იქსის მკვლელებად მოიზრებოდნენ.

სასამართლომ ხელახლა განიხილა 1966 წელს გამოტანილი განაჩენი და სამიდან ორი ბრალდებული გაამართლა. პროცესს 83 წლის მუჰამედ აზიზი დაესწრო(ჰალილ ისლამი 2009 წელს გარდაიცვალა).

მუჰამედ აზიზი ოჯახთან ერთად ნიუ-იორკის სასამართლოსთან

"ჩემი უდანაშაულობის დასამტკიცებლად არ მჭირდება სასამართლო, პროკურორი ან რაღაც ფურცელი. მე სისტემის მსხვერპლი გავხდი". – ამბობს აზიზი პროცესის დაწყებამდე.

განაჩენის გადახედვამდე ცოტა ხნით ადრე სტრიმინგის სერვისზე Netflix დოკუმენტური მინისერიალი Who Killed Malcolm X გამოვიდა, რომელშიც შოუს ავტორებმა ეჭვის ქვეშ დააყენეს აზიზისა და ისლამის ბრალეულობა. 

 

კომენტარები