მიხეილ სააკაშვილი

ადვოკატი: სააკაშვილი კვლავ რეანიმაციაშია, იქ მხოლოდ ექიმებს უშვებენ, ადვოკატებს – არა

მსურდა მიხეილ სააკაშვილის მონახულება. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გუშინდელი დღის შემდეგ არ გვქონია კომუნიკაცია პენიტენციურ სამსახურთან, შესაბამისად, უცნობი იყო ჩვენთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სწორედ ამიტომ გამოვცხადდი დილას აქ, განმიმარტეს, რომ მას ეძინა და რომ გაიღვიძებდა, შემატყობინებდნენ და გამიშვებდნენ მასთან, თუმცა, დაახლოებით საათნახევრიანი ლოდინის შემდეგ მითხრეს, რომ მიხეილ სააკაშვილი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც დაიშვებიან მხოლოდ სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები და ადვოკატებს ვერ შეგვიშვებდნენ მასთან შესახვედრად.

ამის შემდეგ მე მოვითხოვე დაკავშირება შესაბამის პირთან, იქნებოდა ეს მთავარი ექიმი, თუ დაწესებულების დირექტორი, რათა მოეწოდებინა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და ვესაუბრე მე-18 დაწესებულების მთავარ ექიმს, ქალბატონ მანანას, რომელმაც მითხრა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ღამე გაატარა რეანიმაციულ განყოფილებაში, ამჟამად მისი მდგომარეობა არის სტაბილური, გარკვეული კვლევები ჩატარდა, თუმცა, ყველა კვლევის პასუხი ჯერჯერობით არ არის მოსული.

მათი განმარტების შესაბამისად, ამ ეტაპზე რამე სერიოზული პრობლემა არ არსებობს, თუმცა, ელოდებიან კვლევების შედეგებს. ასევე განმიცხადა, რომ დღეს სხვადასხვა პროფილის ექიმები შეხვდებიან ერთმანეთს და ამ შეხვედრაზე გადაწყდება, რა იქნება მომდევნო ნაბიჯები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და მის გადაყვანასთან დაკავშირებით, თუმცა, არ ვიცი, რა დროს მოხდება ეს შეხვედრა. არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებიათ. 

თქვა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა. მიხეილ სააკაშვილმა 18 ნოემბერს გონება დაკარგა და ის გლდანის ციხის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. 

კომენტარები