მიხეილ სააკაშვილი

ბასილაია: ვხედავთ ხელისუფლებას, რომელსაც სააკაშვილის საზოგადოებასთან გამოჩენაზე აკანკალებს

"ვხედავთ ხელისუფლებას, რომელსაც აკანკალებს მიხეილ სააკაშვილის საზოგადოების წინაშე გამოჩენა". – ამბობს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ბექა ბასილაია პროტესტის ნიშნად სასამართლო სხდომის დატოვების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში.

ბასილაიას თქმით, სასამართლომ დღეს დააადასტურა, რომ ქვეყანაში მართმსაჯულება არ არსებობს. მისივე შეფასებით, სასამართლოსთვის არ აქვს მნიშვნელობა რა მიზეზით, მთავარია მიხეილ სააკაშვილი არ იყოს სასამართლო დარბაზში.

"სასამართლომ თქვა, რომ სუს-ის მონაჭორზე, ცხვარიაშვილის გამომაგონზე დაყრდნობით, ის პროცერსებს წარმართავს მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობის გარეშე. მინდა მივმართო ქართულ საზოგადოებას, მთელი 9 წლის განმავლობაში, ჩვენ გვკვებავდნენ მითით, რომ მიხეილ სააკაშვილს აგებინებდნენ პასუხს, თუ როგორი საშიში დამნაშავე იყო სააკაშვილი, დღეს ვხედავთ შეიშინებულ ხელისუფლებას, რომელსაც არ შეუძლია მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გასამართლება, ჩვენ ვხედავთ ხელისუფლებას, რომელსაც აკანკალებს მიხეილ სააკაშვილის საზოგადოების წინაშე გამოჩენა, ვხედავთ როგორაა მოშლილი სასამართლო სისტემა და რეაგირებენ მხოლოდ პიროვნულ, სრულიად უმნიშვნელო საკითხებზე, მაგრამ გლობალურ საკითხებზე, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელის საკითხებზე არანაირი რეაქცია მათ არ აქვთ.

ვხედავთ პროკურორებს, რომნლებიც ქცეული არიან უბრალოდ დავალების შემსრულებლებადაც კი არა, სუსის მესიჯების გამტარებლებად, რომ დაედგათ სცენა, ვითომ პროკურატურა ითხოვდა დისტანციურად პროცესის გამართვას და ვითომ სასამართლო შეეწინააღმდეგა". – ამბობს ბასილაია სასამართლო სხდომის დატოვების შემდეგ.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა ბექა ბასილაიამ და შოთა თუთბერიძემ პროტესტის ნიშნად სასამართლო სხდომა დატოვეს. ისინი სააკაშვილის სხვა ადვოკატების, დიმიტრი საძაგლიშვილისა და ნიკა გვარამიას სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ, რაზეც სასამართლომ უარი განუცხადა.

საქართველოს ექსპრეზიდენტის პროცესი დღეს 13:00 საათზე დაიწყო, თუმცა სხდომა დისტანციურად მიმდინარეობს. სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე ვერ გადაიყვანენ. უწყება მიზეზად ოპოზიციის "შესაძლო დესტრუქციულ მოქმედებებს", ასევე, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს.

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს ჩაინიშნა

კომენტარები