მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილის შემოყვანის საქმეზე დაკავებულები პატიმრობაში რჩებიან

IPN

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დაკავებულები მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. სხდომა საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. 

მამა-შვილი ზურაბ და შალვა წოწერიების, ელგუჯა ცომაიას და ტრაილერი მძღოლის, გიორგი ნარიმანიძის უფლებადამცველები დღევანდელ სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მათ გათავისუფლებას  ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.  

13:00 საათზე დაიწყო თავად მიხეილ სააკაშვილის პროცესიც, თუმცა სხდომა დისტანციურად მიმდინარეობს. სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე ვერ გადაიყვანენ. უწყება მიზეზად ოპოზიციის "შესაძლო დესტრუქციულ მოქმედებებს", ასევე, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს.

მიხეილ სააკაშვილი 41-ე დღეა შიმშილობს. 

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ექსპრეზიდენტმა გლდანის ციხეში შესვლისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურა. ამასთან დაკავშირებით გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო.

მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდა, ასეთივე იყო იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის ბოლო დასკვნაც. ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით რამდენიმე ადამიანს შიმშილობა აქვს გამოცხადებული, მათ შორისაა დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც უკვე 7 დღეა, მხოლოდ წყალსა და უშაქრო ყავას იღებს და უარს ამბობს ნებისმიერ საკვებ დანამატსა, თუ გადასხმაზე. 

24 ოქტომბერს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილისთვის საჭირო დახმარების აღმოჩენა შეუძლებელია. 5 ნოემბერს ომბუდსმენის აპარატმა N18 დაწესებულება კიდევ ერთხელ შეამოწმა და განაცხადა, რომ დადებითი ცვლილებების მიუხედავად, დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულად ისევ არ შეესაბამებოდა კონსილიუმის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

კომენტარები