მიხეილ სააკაშვილის დაკავება

იუსტიციის სამინისტრო: სააკაშვილმა დააზიანა სამედიცინო ტექნიკა, დაიწყო გამოძიება

Georgian Journal

იუსტიციის სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც უწყება წერს, რომ მიხეილ სააკაშვილმა გლდანის ციხეში გადაყვანის შემდეგ, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს და "დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა".

"მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი შესახლდა №18 დაწესებულებაში, მან როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა.

იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ფაქტს უკვე მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ფაქტზე დაიწყო გამოძიება", - წერია განცხადებაში.

ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, გლდანის N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეს სააკაშვილის შიმშილობის 39-ე დღეა. 

ექსპრეზიდენტი, ცუდად გახდომის შემთხვევაში, სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდა. მიხეილ სააკაშვილის ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის ცნობით, ასეთივე იყო კონსილიუმის საბოლოო დასკვნაც, რომელიც მათ დღეს, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანამდე ცოტა ხნით ადრე მიიღეს. 

პენიტენციური სამსახურის განცხადება პირველი ოფიციალური ინფორმაცია იყო, რომელიც გავრცელდა მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ გამოთქვა ვარაუდი, რომ მისი შვილი რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან ვერტფმრენით გადაიყვანეს. 

არც ადვოკატები და არც სააკაშვილის ოჯახის წევრები წინასწარ ინფორმირებულები არ იყვნენ. მეტიც, თითქმის ერთი საათის განმავლობაში უცნობი იყო ექსპრეზიდენტის ადგილმდებარეობის შესახებ. 

მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით რამდენიმე ადამიანს აქვს შიმშილობა გამოცხადებული, მათ შორისაა დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც დღეს, შიმშილობის მე-6 დღეს შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. ის მხოლოდ წყალსა და უშაქრო ყავას იღებს და უარს აცხადებს გადასხმებზე. 

ამასთან, თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის აქცია იმართება, რომლის მოთხოვნაც სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა. ხელისუფლებისთვის მიცემული 24-საათიანი ულტიმატუმის ვადა გუშინ საღამოს ამოიწურა. 

24 ოქტომბერს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილისთვის საჭირო დახმარების აღმოჩენა შეუძლებელია. 5 ნოემბერს ომბუდსმენის აპარატმა N18 დაწესებულება კიდევ ერთხელ შეამოწმა და განაცხადა, რომ დადებითი ცვლილებების მიუხედავად, დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულად ისევ არ შეესაბამებოდა კონსილიუმის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

კომენტარები