იუსტიციის უმაღლესი საბჭო

კორტნი მოსამართლეებზე: მთავრობა ნაკლებად ერთგულია ევროპული მომავლის, ვიდრე ამას ამტკიცებს

tvfree.ge

"შესაძლოა, მთავრობა იმაზე ნაკლებად ერთგულია საქართველოს ევროპული მომავლის, ვიდრე ამას ამტკიცებს" – ასე ეხმაურება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, უილიამ კორტნი 31 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრის დანიშვნას.

"დამაბნეველია, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა ამტკიცებს, რომ სურს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა აგრძელებს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული კომპრომისებისა და რეკომენდაციების უარყოფას". – წერს კორტნი Twitter-ზე.

31 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ორი მოსამართლე წევრის დანიშვნას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოც გამოეხმაურა, რომელიც თვლის, რომ წევრთა დანიშვნის პროცესი არც კონკურენტული იყო და არც გამჭვირვალე.

მოსამართლეთა დანიშვნას გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელიც, რომელიც წერს, რომ დანიშვნები ნაჩქარევი, გაუმჭვირვალე და არაკონკურენტული იყო.

31 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ XXX კონფერენციაზე ორი ახალი მოსამართლე წევრი აირჩია. კონფერენციამდე უფლებამოსილება ვადამდე შეიწყვიტა საბჭოს ორმა მოქმედმა წევრმა, თამარ ონიანმა, რომელსაც უფლებამოსილება 2022 წლის 24 მარტს ეწურებოდა და თეა ლეონიძემ, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ზუსტად ერთი წლის წინ იქნა არჩეული.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) მიიჩნევს, რომ წევრთა დანიშვნა წარმოადგენს სასამართლოში არსებული კლანის წარმატებულ მცდელობას, სხვა საკითხებზე მიმართული საზოგადოებრივი ინტერესის ფონზე დააკომპლექტოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მისთვის სანდო და ლოიალური მოსამართლეებით და მომდევნო წლების განმავლობაში გარანტირებულად შეინარჩუნოს გავლენა იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე.

კომენტარები