აშშ

ვირჯინიის შტატში გუბერნატორის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატი იმარჯვებს

გლენ იანგკინი
REUTERS

აშშ-ში, ვირჯინიის შტატში გუბერნატორის არჩევნების წინასწარი შედეგებით რესპუბლიკელი კანდიდატი გლენ იანგკინი იმარჯვებს. დათვლილია ხმების 95%, იანგკინი დემოკრატ კანდიდატს ტერი მაკოლეფის 2.7%-ით უსწრებს.

მაკოლეფი ვირჯინიის გუბერნატორი 2014-2018 წლებში იყო. ბოლო კვირების განმავლობაში მისი მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შემცირდა. 

სიტყვით გამოსვლაში იანგკინმა გამარჯვებას "გადამწყვეტი მომენტი" უწოდა.

"ერთად ჩვენ შევცვლით ამ შტატის ტრაექტორიას. მეგობრებო, ცვლილებებს ჩვენ პირველივე დღიდან დავიწყებთ." - თქვა იანგკინმა.

გლენ იანგკინი დემოკრატ გუბერნატორს რალფ ნორტამს ჩაანაცვლებს. წინასაარჩევნო კამპანიის დროს იანგკინი ყურადღებას ამახვილებდა შტატში კრიმინალის დონეზე და ეკონომიკურ პრობლემებზე. ასევე იმაზე თუ როგორ უმკლავდება სკოლები რასობრივ, გენდერულ საკითხებსა და ნიღბების ტარების აუცილებლობას.

მაკოლეფის კამპანია აბორტთან დაკავშირებულ უფლებებსა და საარჩევნო რეფორმაზე კონცენტრირდებოდა. განათლებასთან დაკავშირებით მაკოლეფის რეპლიკას, რომ მშობლები არ უნდა ეუბნებოდნენ სკოლებს, რა ასწავლონ ბავშვებს, აქტიური კრიტიკა მოჰყვა.

CBS-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით ამომრჩეველთა ნახევარზე მეტისთვის განათლება და სასკოლო პრობლემა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი და პრობლემა იყო.

აღსანიშნავია, რომ ვირჯინიაში გუბერნატორის არჩევნებს ბევრი ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის გარკვეულ შეფასებად აღიქვას. საპრეზიდენტო არჩევნებში ბაიდენმა ვირჯინიაში 10%-იანი სხვაობით გაიმრაჯვა. ბოლო პერიოდში ინფლაციის, ნელი ეკონომიკური აღორძინების და ავღანეთიდან აშშ-ს ძალების ქაოსური გასვლის შემდეგ ქვეყნის მასშტაბით ჯო ბაიდენის რეიტინგი მნიშვნელოვნად, 43%-მდეა შემცირებული.

დემოკრატი კანდიდატის ტერი მაკოლეფის კამპანიამ წინასაარჩევნოდ სცადა მოწინააღმდეგე იანგკინი ყოფილ პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან დაეკავშირებინა. ტრამპი ვირჯინიაში არაპოპულარული პოლიტიკოსია. თუმცა იანგკინი თავშეკავებულობითა და მოზომილი პოლიტიკით ხასიათდება, რაც მას ტრამპისგან მნიშვნელოვნად განასხვავებს.​ მაკოლეფის გამარჯვებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს შუალედური არჩევნებისთვის რესპუბლიკელების წინასაარჩევნო კამპანიაზე. კონგრესის არჩევნები მომავალ წელს ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკელებმა ვირჯინიაში კიდევ რამდენიმე წარმატება მოიპოვეს. ვიცეგუბერნატორის არჩევნებში ასევე რესპუბლიკელი კანდიდატი ვინსომ სირსი ლიდერობს. გამარჯვების შემთხვევაში ის ვირჯინიის პირველი აფროამერიკელი ქალი ვიცეგუბერნატორი გახდება. გენერალური პროკურორის არჩევნებშიც რესპუბლიკელი კანდიდატი ჯეისონ მიარესი ლიდერობს.

კომენტარები