ფეხბურთი

კრისტიან ერიქსენი კარდიოსტიმულატორის გამო ინტერში ვეღარ ითამაშებს

Ace Football

მილანის ინტერი მზად არის კრისტიან ერიქსენი გაყიდოს. დანიელ ნახევარმცველს, რომელსაც კარდიოსტიმულიატორი აქვს ჩადგმული, იტალიური კანონმდებლობით თამაშის უფლება არ აქვს.

იტალიური კანონების მიხედვით პირებს, რომლებსაც კარდიოსტიმულატორი უდგათ, სპორტის კონტაქტურ სახეობებში მონაწილეობა ეკრძალებათ. ინტერი იძულებულია ერიქსენი გაყიდოს. 

"ევროპის ჩემპიონატზე მიღებული სერიოზული ტრავმის შემდეგ, იტალიის ჯანდაცვის კანონმდებლობით, ჩვენს კლუბს კრისტიან ერიქსენს წვრთნის პროცესში ჩათვლის უფლებაც კი არ აქვს. კარიერის გაგრძელება მას სხვა ქვეყანაში შეუძლია". – წერია მილანური კლუბის განცხადებაში.

დანიელი ფეხბურთელს ფინეთის ნაკრებთან ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის მატჩის დროს გულის შეტევა დაემართა. გუნდის ექიმის თქმით, ფეხბურთელი გარკვეული დროის განმავლობაში კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში იყო. ერიქსენი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით მას კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტის ჩადგმა მოუწია. 

ფეხბურთის არაერთი მწვრთნელი და სპეციალისტი წლების განმავლობაში საუბრობს იმ არაადამიანურ დატვირთვებზე, რომლებიც თანამედროვე ფეხბურთელებს უწევთ. მათი თქმით, ერიქსენის კოლაფსი სწორედ ამ რეჟიმის გამოძახილია.

კომენტარები