იუსტიციის სახლი

"სერვისების რაოდენობის ზრდას უკავშირდება" – იუსტიციის სახლებში წინასწარი ჯავშნები მოიხსნა

George Beraia

დღეიდან, 25 ოქტომბრიდან, იუსტიციის სახლებში ნებისმიერი სერვისის მისაღებად, წინასწარი ჯავშანი მოიხსნა. ინფორმაციას იუსტიციის სახლში ადასტურებენ.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ წინასწარი ჯავშნის მოხსნა იუსტიციის სახლების მიერ გასაცემი სახელმწიფო სერვისების რაოდენობის ზრდას უკავშირდება.

"ასევე, მოქალაქეთა მხრიდან სახელმწიფო მომსახურების სწრაფად მიღების მოთხოვნის მატებას, რის გამოც წინაწარი დაჯავშის პირობებში, იუსტიციის სახლში ვიზიტის განსახორციელებლად, სულ მცირე, 1-კვირიანი მოლოდინი იყო საჭირო". – წერია განცხადებაში.

იუსტიციის სახლში განმარტავენ, რომ ცოცხალი რიგის მართვა კოვიდ-რეგულაციების გათვალისწინებით და მოკლე დროში მიმდინარეობს, – "იუსტიციის სახლი მოქალქეთა ნაკადის გატარებას მაქსიმალურად მოკლე დროში ახორციელებს". თუმცა, სოციუალურ ქსელებში მომხმარებლები წერენ, რომ უწყების შენობასთან გრძელი რიგია.

"ყველა იუსტიციის სახლის შიდა სივრცე აღჭურვილია თანამედროვე თერმოსკრინინგის აპარატურით, დისტანციის დაცვის მანიშნებლებითა და დაცულია ყველა შესაბამისი რეგულაცია". – ვკითხულობთ იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქვეყანაში რთული ეპიდსიტუაციაა, გასულ 24 საათში Covid 19-ით კიდევ 46 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 942 ახალი შემთხვევა, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8.5%, ბოლო 7 დღის 9.04%, ხოლო ბოლო 14 დღის - 9.05%. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 48 757.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 694 182 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 635 611 პაციენტი და გარდაიცვალა –  9 788.

კომენტარები