ყველაზე მაგარი გოგოები

"ყველაზე მაგარი გოგოები" – პრემიერა დინამოს არენაზე 25 ოქტომბერს შედგება

ნატა სოფრომაძე

25 ოქტომბერს დინამოს არენაზე ყველაზე მაგარი გოგოების პრემიერა შედგება.

ყველაზე მაგარი გოგოები ბრიტანელი დრამატურგის კერილ ჩერჩილის პიესაა, სადაც მთავარი გმირის - მარლინის ცხოვრების წესი და არჩევანია ნაჩვენები.

"მარლინი წარმატებული კარიერისტი ქალია, რომელმაც მტკიცე ბრძოლით გაიკვალა გზა პროფესიაში და გასულ პარასკევს მწვერვალს მიაღწია. თხრობის არალინეარული ხერხით, პიესა გვიჩვენებს სოციალური და კულტურული პარამეტრებით განსხვავებულ მხარეებს და 80-იანი წლების წარმატებული და წარუმატებელი ქალების სახეებს ირეკლავს. მარლინი ვახშამზე ეპატიჟება ქალებს ისტორიიდან, ფერწერიდან თუ ლიტერატურიდან: სუფრას უსხედან ვიქტორიანელი მოგზაური იზაბელა ბერდი, რომის პაპი იოანა და ნახატიდან წინსაფრითა და ჯავშნით გადმოსული გიჟი გრეტა. სტუმრები ბრენდის სვამენ, ხარბად ჰყვებიან თავიანთ ამბებს და გვაჩვენებენ რა პოტენციური საზღაურის გადახდა უწევთ ისტორიულად ქალებს წარმატების მისაღწევად", - წერენ ორგანიზატორები.

დადგმის რეჟისორი და მხატვარი გურამ მაცხონაშვილია, ხოლო მონაწილეობენ ნატა მურვანიძე, ნინო კასრაძე, კატო კალატოზიშვილი, ნატუკა კახიძე, თეა კიწმარიშვილი, ქეთი ხიტირი,
ლიზა კერესელიძე და ქეთა შათირიშვილი.

მაყურებლებს ყველაზე მაგარი გოგოების ნახვა 25, 26 და 28 ოქტომბერს შეეძლებათ. პერფორმანსი აერთიანებს დრამის, კლასიკური და ელექტრონული მუსიკის, ოპერისა და მოძრაობის ელემენტებს და გაიმართება ლაივ მუსიკის თანხლებით.

"ვდგამთ ყველაზე მაგარ გოგოებს და შთაგვაგონებენ: ძველი ბერძნები, არც ისე ძველი იდეები, ცოცხლები, მკვდრები, ჯანმრთელები თუ ნაკლებად ჯანმრთელები, შვილები და მათი დედები, უდედო შვილები და უშვილო ქალები, 80-იანები, ქალი ავტორები, ქალი პოლიტიკოსები, პრინცესა დაიანა, ვირჯინია ვულფი, ცხენები, ოფისები, საძოვრები, საკუთარი და ერთმანეთის უნიკალური გამოცდილებები, კატო მიქელაძე, მარო მაყაშვილი, სირთულეები, ლამაზი ვარდები, სამსახურები, უსამსახურობა, კერძები. შთაგვაგონებს ლამაზი კაბა, ბრაზი და ჩვენი შიშები", - წერენ ორგანიზატორები.

კომენტარები