რუსეთი

კოლონიაში ალექსეი ნალავნი ტერორისტად და ექსტრემისტად აღრიცხეს

ალექსეი ნავალნი
Meduza

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი კოლონიაში ტერორისტად და ექსტრემისტად აღრიცხეს. ინფორმაცია პოლიტიკოსის სოციალური მედის ოფიციალური ანგარიშებით ვრცელდება. აქამდე კოლონიაში ნავალნი "გაქცევისკენ მიდრეკილად" იყო აღრიცხული. 

ნავალნის თქმით, "გაქცევისკენ მიდრეკილის" სტატუსის მოხსნის გადაწყვეტილება კომისიამ ერთხმად მიიღო, რის შემდეგაც ასევე ერთხმად გადაწყდა ნავალნის "ტერორისტად" და "ექსტრემისტად" აღრიცხვა.

პოლიტიკოსის შეფასებით, მომხდარი "კარგი სიახლეა", რადგან "ტერორისტებისთვის" და "ექსტრემისტებისთვის" განსაზღვრული პროცედურები ისეთი დამღელილი არ არის, როგორც "გაქცევისკენ მიდრეკლიებისთვის"

"დავთვალე და ფრაზა "ნავალნი ალექსეი ანატოლის ძე, 1976 წელს დაბადებული, მე-2 გამოსასწორებელი კოლონიის, მე-2 რაზმში დაკავებულია უკანონოდ" ვიდეორეგისტრატორზე 1669-ჯერ გავიმეროე (ყოველ ორ საათში გამოწმებენ, ხომ არ გაიქეცი). ეს საშინლად მომბეზრდა. ექსტრემიზმთან კიდევ კაფია - არავინ არ გამოწმებს. მეშინოდა, რომ პუტინის სურათების კოცნას და მედვედევის ციტატების დაზეპირებას მომთხოვდნენ, მაგრამ არც ეგ არის საჭირო." – ამბობს ნავალნი.

გაქცევისკენ მიდრეკილად ალექსეი ნავალნი ჯერ კიდევ კოლონიაში გადაყვანამდე, დაკავების იზოლატორში ყოფნისას აღრიცხეს. სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის განმარტებით, გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ნავალნის სიტყვები, გაქცევის გეგმის შესახებ. პოლიტიკოსის თქმით, ეს ხუმრობა იყო.

ნავალნის თქმით, გაქცევისკენ მიდრეკილად აღრიცხვის გამო მას ღამით ყოველ საათში ერთხელ შემოწმებისთვის აღვიძებდნენ. პოლიტიკოსის შეფასებით ეს "უძილობით წამებაა". სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის განმარტებით, ღამით კოლონიის თანამშრომლები პატიმრებს მხოლოდ ვიზუალურად ამოწმებენ, რაც მათ დასვენებაში ხელს არ უშლის.

ალექსეი ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდი და პოლიტიკოსთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციები ივნისში ექსტრემისტულად გამოცხადდა.


2020 წლის 20 აგვისტოს რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში, ტომსკი-მოსკოვის რეისზე ცუდად გახდა. ის ქალაქ ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი დღეს შემდეგ ის გერმანიაში, კლინიკა შარიტეში გადაიყვანეს, სადაც მას ქოლინესტერაზას ინჰიბიტორით მოწამვლის დიაგნოზი დაუსვეს. სხვადასხვა დამოუკიდებელმა ლაბორატორიებმა დაადასტურეს, რომ ტოქსინი, რომლითაც ნავალნი მოწამლეს ნოვიჩოკის ჯგუფის ნერვული აგენტია.

რუსი ოპოზიციონერი თითქმის ერთი თვის განმავლობაში კომაში იყო. ნავალნი ბერლინის საავადმყოფოდან 22 სექტემბერს გაწერეს. მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსს გავლის შემდეგ ის რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა. პოლიტიკოსი ქვეყანაში ჩასვლისთანავე დააკავეს.

2 თებერვალს ნავალნის სასამართლომ 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა "ივ როშეს" საქმეზე. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული". რუსეთის ფედერაციამ ნავალნის კომპენსაცია გადაუხადა, თუმცა განაჩენი არ გაუუქმებია.

კომენტარები