ზურაბ დათუნაშვილი

სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

sportsbeezer

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა სპორტსმენმა, ზურაბ დათუნაშვილმა (87კგ), რომელიც სერბეთის სახელით ასპარეზობს, ნორვეგიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. 

დათუნაშვილმა ფინალში ბელარუსი კირილ მასკევიჩი დაამარცხა, მანამდე კი, ჯერ რუს მოჭიდავეს, მილად ალირზაევს სძლია, მეოთხედფინალში ქართველ მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს, ლაშა გობაძეს დაუპირისპირდა და მოუგო, ნახევარფინალში კი დანიელი მოჭიდავე, ტურპან ბისულთანოვი დაამარცხა.

2019 წლის იანვარში, საქართველოს ჩემპიონატზე ზურაბ დათუნაშვილს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე დაესხა თავს. ქვეყნის დატოვების მიზეზი სწორედ ფედერაციის პრეზიდენტთან დაპირისპირება გახდა. 

თავდასხმის ფაქტზე გეგა გეგეშიძე სამართალდამცავებმა 2019 წლის 22 იანვარს დააკავეს, თუმცა რამდენიმე დღეში სასამართლოს გადაწყვეტილებით იგი ხუთიათასლარიანი გირაოთი გათავისუფლდა. ზურაბ დათუნაშვილის თქმით, გეგეშიძესთან დაპირისპირების მიზეზი ის კორუფციული ფონია, რომელიც ჭიდაობის ფედერაციაშია შექმნილი. 

ინციდენტის შემდეგ, ზურაბ დათუნაშვილი ამბობდა, რომ სპორტული კარიერის გაგრძელების ერთადერთი საშუალება ქვეყნის დატოვება იქნებოდა. 2019 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ დათუნაშვილი მოლაპარაკებებს სერბეთის ჭიდაობის ფედერაციასთან მართავდა. 

აგვისტოში დათუნაშვილმა განაცხადა, რომ მის სერბეთში გადასვლას გეგეშიძე აქტიურად უშლიდა ხელს. სერბეთის სახელით ასპარეზობის გაგრძელების შესახებ ცნობილი გახდა სერბეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის ინტერვიუდან.

კომენტარები