არჩევნები 2021

GDI: მთავრობა კვლავ არ ამბობს უარს არასამართლიანი არჩევნების მახინჯ პრაქტიკაზე

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) ეხმიანება 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში და უშუალოდ არჩევნების დღეს სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედიის მიერ გამოვლენილ დარღვევებს და მიიჩნევს, რომ გამოვლენილ დარღვევათა სისტემატურობამ და სიმძიმემ უარყოფითი გავლენა იქონია ამომრჩეველთა მიერ არჩევანის თავისუფალ გამოვლენაზე.

"მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნების მონიტორინგში მონაწილე ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ გამოვლინდა არაერთი ცალკეული ცდომილება, თუ სისტემური დარღვევების ტენდენცია, რომელმაც გავლენა იქონია ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე.

კვლავაც პრობლემად რჩება საარჩევნო "კარუსელი", საარჩევნო უბნებთან კრიმინალური ავტორიტეტების მობილიზება, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა ფულის გადაცემის გზით, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, სპეციალურ სიებში ამომრჩევლების უსაფუძვლოდ დაფიქსირება და მარკირების წესის დარღვევა. ცალკეული პრობლემები გამოიკვეთა ასევე მარკირების წესების უგულებელყოფასთან, გადასატანი ყუთისა და, ზოგადად, ხმის მიცემის პროცედურის დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით", - წერს GDI.

GDI-ის განცხადებით, საარჩევნო პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე მიუთითებს ეუთო (OSCE) და მისი დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მისია 3 ოქტომბერს გამოქვეყნებულ წინასწარ ანგარიშში. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საარჩევნო "კამპანია დააზიანა დაშინების, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტების შესახებ ფართოდ გავრცელებულმა და თანმიმდევრულმა განცხადებებმა და არათანასწორმა საასპარეზო პირობებმა. კრიტიკული იყო საკუთარ განცხადებებში აშშ-ს საელჩოც.

"მმართველ პარტიას კვლავაც არ გააჩნია ნება უარი თქვას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, არასამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნასა და ამომრჩევლის ნების კონტროლის სხვადასხვა მახინჯ პრაქტიკაზე, რაც უარყოფით გავლენას ახდენს მოქალაქეთა არჩევანის თავისუფალ გამოვლენასა და მათ შედეგებში სრულფასოვან ასახვაზე. არჩევნების უსამართლო და არათავისუფალი გარემო, მმართველი პარტიის აგრესიული რიტორიკა და სიძულვილის ენით გაჯერებული საარჩევნო კამპანია აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და კიდევ უფრო მეტად აშორებს მას დასავლური ღირებულებებისაგან", - წერს GDI.

კომენტარები