შალვა თადუმაძის დიპლომი

თადუმაძე TI-ს დირექტორს დიპლომის საკითხზე ცილისწამებისთვის უჩივის

იმედი

ყოფილი გენერალური პროკურორი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, შალვა თადუმაძე საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დირექტორს, ეკა გიგაურს ცილისწამებისთვის უჩივის და მოითხოვს, რომ დავის დასრულებამდე გიგაურმა მის დიპლომზე არ ისაუბროს.  

"თადუმაძე ცილისწამებად ეკა გიგაურის შეფასებებს მიიჩნევს, სადაც ის ეჭვქვეშ აყენებს შალვა თადუმაძის კვალიფიკაციას და მისი დიპლომის შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ ამ საკითხთან დაკავშირებით, საჯარო უწყებებიდან მიღებული არაერთი დოკუმენტი შეისწავლა, რამაც კონკრეტული კითხვები გააჩინა.

თადუმაძე დამატებით ითხოვს მის დიპლომთან დაკავშირებით ეკა გიგაურს დავის დასრულებამდე ნებისმიერი ფორმით, საჯაროდ საუბარი აეკრძალოს". - წერია TI-ს განცხადებაში. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განცხადებით, სასამართლო სისტემა მძიმე გამოწვევების წინაშეა და მიუკერძოებელი, ობიექტური მართლმსაჯულების მოლოდინი არ აქვთ, თუმცა საკუთარ ინტერესებს ყველა ინსტანციის სასამართლოში დაიცავენ.

ცნობისთვის, შალვა თადუმაძეს დიპლომში მითითებული აქვს, რომ 1993 წელს ჩააბარა იმ სასწავლებელში, რომელიც 1994 წელს დაარსდა. მისი ბიოგრაფიის მიხედვით, თადუმაძემ სწორედ აქ, ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში მიიღო იურისტის კვალიფიკაცია. მასვე ბიოგრაფიაში უწერია, რომ უმაღლესი სასწავლებელი 1999 წელს დაამთავრა მაშინ, როცა დიპლომში დამთავრების თარიღად 1998 წელია მითითებული. 

გარდა ამისა, შალვა თადუმაძემ სკოლა 1994 წლის მაისში დაასრულა, შესაბამისად, გაუგებარია, როგორ ჩააბარა მან უმაღლეს სასწავლებელში 1993 წელს. 

2011-2012 წლებში შალვა თადუმაძე ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი იყო, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი მთავრობის საპარლამენტო მდივანი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო. 

კომენტარები