ვაქცინაცია საქართველოში

ბოლო 2 კვირაში I დოზით დღეში საშუალოდ მხოლოდ 3 816 ადამიანი აიცრა, ბოლო 1 კვირაში – 3 077

30 სექტემბრის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ჯამში 1 785 862 აცრა ჩატარდა. სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 981 624 ადამიანი (მოზრდილი მოსახლეობის 34.6%), აქედან ორჯერადად - 804 238 ადამიანი (მოზრდილი მოსახლეობის 28.2%). 

სექტემბრის თვეში აცრების რაოდენობამ იკლო, განსაკუთრებით, პირველ დოზებზე. 1-14 სექტემბრის პერიოდში პირველი დოზით მხოლოდ 117 793 ადამიანი აიცრა - დღეში საშუალოდ 8 413. თუმცა, ბოლო ორ კვირაში ეს მონაცემი ორჯერ შემცირდა.

16 სექტემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 1 589 024 აცრა იყო ჩატარებული, აქედან ერთჯერადად 928 192 ადამიანი, ხოლო სრულად - 660 832. ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლო 14 დღეში სულ 196 838 აცრა ჩატარდა (დღეში საშუალოდ 14 060), აქედან I დოზით აიცრა მხოლოდ 53 432 ადამიანი (დღეში საშუალოდ 3 816), ხოლო მეორე დოზით - 143 406 ადამიანი (დღეში საშუალოდ 10 243).

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აგვისტოს ბოლოს რამდენჯერმე თქვა, რომ "ჩვენი ამოცანაა, სექტემბრის ბოლომდე 2 მილიონი ჩვენი მოქალაქე იყოს აცრილი. აქედან ზოგი იქნება ერთჯერადად, ზოგი იქნება უკვე ორჯერადად აცრილი".

1-15 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ყოველდღიურად პირველი დოზით საშუალოდ მხოლოდ 8 413 ადამიანი იცრებოდა, 1-30 სექტემბრის მონაცემებით, ეს რიცხვი 6 190-მდე შემცირდა, ხოლო ბოლო 1 კვირაში - 3 077-მდე. ამ ტემპით, სექტემბრის დარჩენილ 1 დღეში პირველი დოზით მაქსიმუმ 5 000 ადამიანი აიცრება და სულ მცირე ერთი დოზით, ერთი მილიონი ადამიანიც არ იქნება ვაქცინირებული, არათუ ორი - რაც პრემიერმინისტრის "ამოცანა" იყო.

უფრო რეალური იყო, რასაც NCDC-ის დირექტორი ამირან გამყრელიძე უსვამდა ხაზს, რომ სექტემბრის ბოლომდე ორი მილიონი აცრა ჩატარებულიყო. ამაში შედის როგორც ერთჯერადად, ისე ორჯერადად აცრილები. თუმცა, აცრების ყოველდღიური რაოდენობის შემცირებასთან ერთად, ამის მიღწევაც შეუძლებელი გახდა.

იმისთვის, რომ ქვეყანა ოქტომბერს 2 მილიონი ჩატარებული აცრით შეხვდეს, კიდევ 214 138 აცრა უნდა ჩატარდეს, რასაც მიმდინარე ტემპით მინიმუმ 2 კვირა სჭირდება და ერთ დღეში ამის გაკეთება არარეალურია.

კომენტარები